ახალი ამბები

ბორჯომის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

28 მარტი, 2018 • 1329
ბორჯომის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

დღეს, 12 საათზე ბორჯომის საკრებულოში სხდომა უნდა გაიმართოს, რომლის პირველი საკითხიც საკრებულოს თავმჯდომარის, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტია.

Sknews.ge-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრებულოს შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე მოხდა.


ბორჯომის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით თვითმმართველობის აპარატში განცხადება შეიტანა. ხელმომწერებს შორის 13 “ქართული ოცნების”, 2 კი “პატრიოტთა ალიანსის” წევრია.

ბორჯომის საკრებულო სულ 28 წევრისაგან შედგება. 13 წევრი ჰყავს ქართულ ოცნებას, 11 – პატრიოტთა ალიანსს, 2 წევრი- ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და თითო-თითო წევრი -ლეიბორისტებსა და ევროპულ საქართველოს.

ჩაჩანიძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ “პატრიოტთა ალიანსის” სახელით აირჩიეს, აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პარტია თვითმმართველ ორგანოში “ქართულ ოცნებას” ლობირებს.

“[პატრიოტთა ალიანსს] არ მოსწონს ხისტი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” მიმართ. ეს არის მათი პრობლემა. ის წარმოიშვა ხელფასების არაზომიერი მატების საკითხიდან. როგორც კი ეს საკითხი დადგა, “პატრიოტთა ალიანსს” არ მოეწონა, რომ კოჭს არ ვუგორებთ ოცნებას. აქედან დაიწყო ყველაფერი”, – განუცხადა ჩაჩანიძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, პარტიის დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ლომია რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდა და სთხოვა, რომ ბორჯომის მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების გადაწყვეტილებისთვის მხარე დაეჭირა.

“ირმა ინაშვილს არ შევხვედრივარ, რადგან იმ პერიოდში სტრასბურგში იმყოფებოდა. 4-5 დღის წინ შევხვდი გიორგი ლომიას, რომელმაც მითხრა, რომ დაგვეჭირა მხარი ხელფასების საკითხზე “ოცნების” შემოთავაზებისთვის, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით”.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” გიორგი ლომიასაც დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ მსგავსი რამ ჩაჩანიძისთვის არ უთქვამს.

“ეს სიცრუეა, მე ასეთ დირექტივებს არ ვიძლევი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ბორჯომში შეიქმნა. ამაზე ვისაუბრეთ. მე ვთქვი, რომ მოქნილი პოლიტიკოსი კრიზისამდე საქმეს არ მიიყვანს. ამაზე იყო საუბარი და არა იმაზე, ხელფასებს მხარი დაუჭირონ თუ არა. ხელფასების თემას ჩვენც არ ვეთანხმებოდით”, – ამბობს ლომია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი