ახალი ამბები

საგამოძიებო კომისია “ალანიას” ხელმძღვანელებს დაკითხავს

25 სექტემბერი, 2013 •
საგამოძიებო კომისია “ალანიას” ხელმძღვანელებს დაკითხავს

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ტექნიკური დირექტორი ბორის ადამია დაკითხეს. კერძოდ, ადამიას კითხვები ძირითადად “ალანიას” ტრანსლირების საკითხზე დაუსვეს. როგორც ადამიამ კომისიის სხდომაზე განაცხადა, 2010 წლამდე მათ “ალანიასთან” რაიმე ხელშეკრულება ან ფორმალური ურთიერთობა არ ჰქონიათ:

 

“კითხვები დამისვეს “ალანიას” ტრანსლირებაზე ჩვენს სატელევიზიო ანძებზე, რაც იყო განთავსებული იმასთან დაკავშირებით. “ალანიას” ჰქონდა ჩვენგან აღებული ადგილები, სადაც განათავსა თავისი გადამცემები გორში სახელმწიფო უშიშროებისთვის, მერე აწვდიდა თავის პროგრამას. თბილისშიც ჰქონდა გადამცემი აღებული და აწვდიდა თავის პროგრამას ცხინვალის რეგიონს. მერე კიდევ, გააგრძელა ახალციხისკენ, სადაც ჩვენი ანძით არ სარგებლობდა, იქ არის ადგილობრივი კომპანია “იმპერიალი” და იმის ანძით გადიოდა”.

 

კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თავისთავად პრობლემაა ის, რომ “ალანიასთან” 2010 წლამდე ხელშეკრულება არ არსებობდა:

 

“ეს თავისთავად პრობლემაა, იმიტომ, რომ 2008-2010 წლების პერიოდი ჰაერშია გამოკიდებული, რაც შეგვიძლია ოფიციალურად ვილაპარაკოთ, როდესაც “ალანია” უკვე ლიცენზირებული კომპანიაა. ამასობაში ანძა აცხადებს, რომ რეალურად 2005 წლიდან დაიწყეს გადამცემების მონტაჟი და ამას შს სამინისტრო ახორციელებდა.”

 

ხიდაშელის თქმით, ადამიას ჩვენება საინტერესოა მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებითაც:

 

“მთელ რიგ კომპანიებს და დიდ მაუწყებლებს, რომლებსაც, წესით, ფინანსური პრობლემები არ აქვთ, მუდმივი დავალიანება ჰქონდათ ანძის მიმართ, თუმცა ისინი პრინციპში ვერ ახორციელებდნენ თავის უფლებას, რომ გაეთიშათ ეს კომპანიები, რადგან კომისიისგან მუდმივად ჰქონდათ ზეწოლა, რომ ხელი არ ეხლოთ ამ არხებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ცნობილი თემა, “კავკასიასთან დაკავშირებული” ლარნახევრიანი ვალის თემა.”

 

საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ გააგრძელებს და სხდომაზე “ალანიას” ყველა დროის ხელმძღვანელს დაკითხავს:

 

“ალანიას ყველა დროის ხელმძღვანელებს მოვუსმენთ და მათგან გავიგებთ, რა ფარგლებში, რა სამართლებრივ გარემოში აპელირებდნენ, იმიტომ, რომ როდესაც კომპანია ქაღალდზეც კი არ არსებობს, არ აქვს ლიცენზია და ამასობაში მის ირგვლივ ყველა ყველაფერზე ჯარიმდება, თეორიული მიზეზით, ციდან მოტანილი მიზეზით და ეს კომპანია უპრობლემოდ მაუწყებლობს, არავის არ აინტერესებს, მასთან სერიოზული პრობლემაა. პრობლემაა იმიტომაც, რომ, როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ ულიცენზიო მაუწყებლობა ჰქონდა, “ალანია” უკანონო სამეწარმეო საქმიანობითაც იყო დაკავებული. დამეთანხმებით, რომ ჟურნალისტი, რომელიც 24- საათიან რეჟიმში მუშაობს, მან ხელფასი უნდა მიიღოს. ეს საკითხიც გასარკვევია, როგორ ხდებოდა ამ ადამიანებთან ანგარიშსწორება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი