ახალი ამბები

გიორგი კორახაშვილს პარლამენტში დაკითხვაზე დაიბარებენ

25 სექტემბერი, 2013 •
გიორგი კორახაშვილს პარლამენტში დაკითხვაზე დაიბარებენ

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, გიორგი კორახაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია რამდენიმე საქმითაა დაინტერესებული. მისივე განმარტებით, “ახალგაზრდული რადიო”, რომელიც ამჟამად ამ ოჯახის საკუთრებაა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ლიცენზიების დათმობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია:

 

“ჩვენ პირველ დღეს დავკითხეთ “ახალგაზრდული რადიოს” წარმომადგენლები. ეს რადიო დღეს სწორედ კორახაშვილის თუ ნინო ჩხეიძის საკუთრებაა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციალური მესაკუთრე ვინ არის. ეს ძალიან საინტერესო შემთხვევაა იმიტომ, რომ ისინი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ ლიცენზიების ცნობილი დათმობის, ჩუქების, უსასყიდლოდ გადაცემის ამბების. ამ ბატონებს, ახალგაზრდული რადიოს ხელმძღვანელებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ვინაიდან აპარატურა, რომელიც გაყვა მაშინ ლიცენზიას, უკვე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნაწილობრივ მათ დაუბრუნდათ კორახაშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ძალიან ლეგიტიმურია კითხვა, თუ ის ყველაფერი არ არის სიმართლე, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, მაშინ რატომ დაუბრუნეს? რა, ასე უბრალოდ აჩუქა უცნობ პირებს კორახაშვილმა აპარატურა? ეს ხომ ასე არ ხდება. ამით პრაქტიკულად მან აღიარა თავისი პრობლემა, თუმცა როგორც ამ საუბარში ამბობენ ყოფილი მესაკუთრეები რადიოსი, ბატონ კორახაშვილს უთქვამს, რომ მე ეს რადიო ჩემს ცოლს დაბადების დღეზე ვაჩუქე და ახლა უკან ხომ არ წავართმევო? ნუ, ეს ძალიან სერიოზული არგუმენტია, რა თქმა უნდა.”

 

საგამოძიებო კომისია კორახაშვილთან მეორე საქმითაცაა დაინტერესებული. კერძოდ, როგორც დღეს გამართულ კომისიის სხდომაზე   „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ტექნიკურმა დირექტორმა ბორის ადამიამ განაცხადა, გიორგი კორახაშვილი “სტერეო +”-ის და “სტერეოს” გათიშვის საქმეში მონაწილეობდა:

 

“ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავკითხეთ ბატონი ზილფიმიანი, რომელიც “სტერეო +”-ის და “სტერეოს” გათიშვის საქმეზე საუბრობდა. დღეს უკვე ბატონმა ბორის ადამიამ დაადასტურა ის, რომ ნამდვილად ვინმე, ბოდიშს ვიხდი, ასე რომ მოვიხსენიებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არ არის ოფიციალური პირი და სწორედ ასე უნდა ვილაპარაკოთ, ვინმე კორახაშვილი იყო დაკავებული იმით, რომ გაეთიშა ამ ტელევიზიის მაუწყებლობა და ასევე ადამიამ დაადასტურა, რომ შს სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსანი, ლელუაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას.”

 

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს აღარ არის მხოლოდ დაზარალებული მხარის პრეტენზია:

 

“ეს უკვე არის იმ ტიპის მოწმის ჩვენება, რომელიც უშუალოდ იყო ამ ფუნქციის მატარებელი და ამ ვალდებულების შემსრულებელი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი