ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ლევან იზორია ტყუის, როცა ამბობს, რომ თითქოს ის არის რაიმე კანონის ინიციატორი ე.წ. რეიდების შესახებ:
„დიახ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიტანა ცვლილება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “ნ” ქვეპუნქტში, სადაც ბატონი იზორიასთვის საყვარელი შევარდნაძისეული რეიდებისგან განსხავებით, სადაც სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიის გარეშე ხდებოდა ადამიანების ჩხრეკა, დათვალიერებას უწოდებს ის ამას თუ შემოწმებას, პირდაპირ ჩაიწერა, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება ჩხრეკის ჩატარება: ანუ როდესაც კონკრეტულ პირზე არსებობს ინფორმაციის და ფაქტების ერთობლიობა და როდესაც ცნობილია, რა ნივთს ვეძებთ ამ პირთან და რომელ კონკრეტულ დანაშაულზე, საქმის ძიების ფარგლებში.”
თაქთაქიშვილი ამტკიცებს, რომ იზორია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძველ, შევარდნაძისეულ მიდგომას უბრუნდებიან:
„რეიდის დროს ისინი შეამოწმებენ და გაჩხრეკენ ყველას, მიუხედავად იმისა, ამ კონკრეტული პირის მიმართ არსებობს თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძველი ჩხრეკის ან ამოღების ჩასატარებლად. და მაშინ, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა ცვლილებას მე-9 მუხლის შესაბამის პუნქტში, კანონში ჩაიწერა სწორედ ის ფორმულირება, რომელიც პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.“
დეპუტატის განმარტებით, ის ღრმადაა დარწმუნებული, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, როგორც თავად ამბობს, შევარდნაძის დროინდელი „რეიდები“ კანონდება:
„სწორედ ამიტომ ვთვლი და ღრმად ვარ ჩემს სიმართლეში დარწმუნებული, რომ ამ კანონით შევარდნაძის დროინდელი რეიდები კანონდება. თუ ვინმესთვის სამართლებრივი არგუმენტები რთული აღსაქმელია, ფაქტია ის, რომ შევარდნაძის მერე ჩვენ არ გვახსოვს ასეთი რეიდები და ისინი მხოლოდ ივანიშვილის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღდგა. ამ პროექტით კი ხდება ამის სამართლებრივი დაკანონება.“
დღეს, 24 სექტემბერს ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჩიორა თაქთაქიშვილს ძალიან უყვარს ტყუილები და ხალხს ამით შეურაცხყოფას აყენებს:
„ის აშკარა სიცრუეს ეუბნება თავის ამომრჩევლებს და მე მინდა დოკუმენტალურად ვაჩვენო საზოგადოებას და ეს ქალბატონი გამოვავლინო თავის ტყუილებში. ის ამბობს, რომ “რეიდებს” აკანონებენ და რომ ამით უბრუნდებიან თითქოსდა შევარდნაძისეულ ეპოქას და მილიციას. მინდა ქალბატონ ჩიორას გარკვევით და კონკრეტულად ვუთხრა, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ ახლო წარსულში ამ ე.წ. რეიდების დაკანონებისა, რომელიც მოქმედ კანონშია. მოქმედი კანონის მეცხრე მუხლის ნ პუნქტში საუბარია რეიდებზე. კერძოდ, ლაპარაკია კანონით დადგენილი წესით, რომ ამ რეიდების დროს შეუძლია პოლიციას გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისთვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება. ეს ინიცირებული და მიღებულია 2012 წლის 12 ივნისს. ამიტომ ძალიან ვთხოვ ამ ქალბატონს, ტყუილებს ნუ ეუბნება საზოგადოებას.”
იზორიას განცხადებას წინ ჩიორა თაქთაქიშვილის ბრიფინგი უსწრებდა, რომელზეც მან განაცხადა, რომ „პოლიციის შესახებ“კანონპროექტი პირდაპირ აკანონებს შევარდნაძის დროინდელი მილიციისთვის დამახასიათებელ “რეიდებს”, რომელსაც სპეციალური ტერმინი “სპეციალურ პოლიციური კონტროლი” დაერქმევა.
“ასევე კანონდება პოლიციელის მიერ დაუზუსტებული მოტივით მოქალაქეების დაკავება, შეჩერება, პირადი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ნივთების ჩხრეკა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს ინიციატივით, რომ მთლიანად გაუქმებულიყო პოლიციის მიერ ადამიანის თავისუფალი გადაადგილებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და შესაბამისი დამცავი გარანტიების გვერდის ავლით, თუმცა ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას”, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.