ოსური მხარე: ანტიოსურმა განწყობებმა საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან და ქართული საზოგადოების რეაქციებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

“ანტიოსურმა ვაკხანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია”, – წერია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს საქართველოში გადაჭარბებული რეაქციები მოჰყვა და ზოგიერთი ამ საკითხს შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის იყენებს.

“ამ ფონზე რიგი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის ჟენევის დისკუსიების მონაწილეები, აგრძელებენ საკუთარი “შეშფოთების” გამოხატვას ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, და პროვოცირებას ახდენენ სიტუაციის დასაძაბად. მათი პოზიციების გაგება შეიძლება  – ფულადმა სახსრებმა, რომლებიც დონორების მიერ საქართველოში იხარჯებოდა “შერიგების” სხვადასხვა პროექტებზე, შედეგები არ მოიტანეს”.

განცხადების ავტორები ასევე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ტატუნაშვილმა იზოლატორში იარაღი ჩაიგდო ხელთ და ზედამხვედველებზე თავდასხმას ცდილობდა, რაზეც საპასუხო რეაქცია მიიღო.

“სამხრეთ ოსეთში მოვლენების ასე განვითარებით არანაირად არ ყოფილან დაინტერესუბული. სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოები ყველა საჭირო ღონისძებას ატარებენ იმისთვის, რომ მომხდარის სრული სურათი მიიღონ და ტატუნაშვილის სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდეს, რის შემდეგაც მისი ცხედარი ოჯახს გადაეცემა”.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, მასთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშილი და იოსებ პავლიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რჩებიან. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა”.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას 26 თებერვალს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი