პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილებების შეტანას “საქართველოს შრომის კოდექსში” და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, “კანონპროექტის მომზადება სახელმწიფოს მხრიდან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის არასაკმარისი სტანდარტების არსებობამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასთან და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ განაპირობა.”
კანონპროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ “მოქმედი შრომის კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულების დღეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა საკმარისად იყოს დაცული. ასევე, მოქმედ კოდექსში ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტაში ხელის შეწყობისთვის არასაკმარისი გარანტიებია”.
კანონპროექტის მიღების მიზანი, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, როგორც ანაზღაურების გარეშე, ასევე ანაზღაურებადი შვებულების დღეების რაოდენობის გაზრდაა. კანონპროექტის მიზანი, აგრეთვე, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის გაზრდაა, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში რომ მოვიდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასთან და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, რათა სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვა.
ცვლილებების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477 დღიდან 730 დღემდე იზრდება. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი ხდება 183 დღე, ნაცვლად 126 დღისა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, 200 კალენდარული დღე, ნაცვლად 140 დღისა.
მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დახმარება განსაზღვრულია არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. თუმცა, მოცემული საკანონმდებლო ცვლილებებით, ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი თანხა შეადგენს არაუმეტეს 1000 ლარს.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



