ახალი ამბები

საქართველოში ღვინის ნაშთების აღმოჩენა 2017 წლის 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დაასახელეს

1 მარტი, 2018 • 3630
საქართველოში ღვინის ნაშთების აღმოჩენა 2017 წლის 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დაასახელეს

აშშ–ის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Archaeology საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები დაასახელეს 2017 წლის მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის.

„ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინის ნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წელს აყენებდნენ – დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს“ – ვკითხულობთ გამოცემის ვებგვერდზე არქეოლოგ ჯეისონ ურბანუსის მიერ გამოქვეყნებულ სიაში.

ჯეისონ ურბანუსმა საქართველოში აღმოჩენილი ღვინის ნაშთები ისეთ სხვა მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის დაასახელა, როგორიცაა არიზონაში ძველად მცხოვრები ხალხის რაციონში შემავალი მცენარეები, პერუში ჩაჩაპაიას ტომების შთამომავლები, ვენესუელაში კლდის მხატვრობა.

საქმე ეხება ქვემო ქართლში, სოფელ იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის – „გადაჭრილი გორას“ შესწავლისას ღვინის ნაშთების აღმოჩენას. ამ ადგილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია სწავლობს.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.

აქამდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ღვინის ჭურჭელი ჩვენს წელთაღრიცვამდე 5 400 წლით თარიღდებოდა. ეს ჭურჭელი ჩრდილოეთ ირანში, ზაგროსის მთებში 1968 წელს აღმოაჩინეს. მეღვინეობის უძველესი ნიშნები აღმოჩენილია ჩინეთშიც, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 7 000 წლით თარიღდება, თუმცა ჩინეთში აღმოჩენილი მტკიცებულებები მხოლოდ ყურძენს არ ეხებოდა. ის მოიცავდა ბრინჯისგან დამზადებულ ლუდს და სხვადასხვა ხილის მიქსტურას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული მასალები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000–5 800 წლით თარიღდება. საერთო ჯამში, 30 ჭურჭლის ფრაგმენტი და მიწის 26 ფრაგმენტი შეისწავლეს.

ეს აღმოჩენა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა და მას მსოფლიოში უძველესი ღვინის სტატუსი მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი