საქართველოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია მტკიცებულებები, რომ მსოფლიოში მეღვინეობა თიხის ჭურჭლის გამოყენებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წელს დაიწყო, იმაზე ასეული წლით ადრე, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ. ეს მტკიცებულებები კი საქართველოშია აღმოჩენილი.
გარდიანის ცნობით, აქამდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ღვინის ჭურჭელი ჩვენს წელთაღრიცვამდე 5 400 წლით თარიღდებოდა. ეს ჭურჭელი ჩრდილოეთ ირანში,ზაგროსის მთებში 1968 წელს აღმოაჩინეს. მეღვინეობის უძველესი ნიშნები აღმოჩენილია ჩინეთშიც, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 7 000 წლით თარიღდება, თუმცა ჩინეთში აღმოჩენილი მტკიცებულებები მხოლოდ ყურძენს არ ეხებოდა. ის მოიცავდა ბრინჯისგან დამზადებულ ლუდს და სხვადასხვა ხილის მიქსტურას.
მას შემდეგ, რაც არქეოლოგებისა და ბოტანიკოსების ჯგუფი საქართველოდან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მკვლევართა ჯგუფს შეუერთდა, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ორი სოფლის შესწავლა დაიწყეს. შულავერის და გადაჭრილი გორის კვლევისას ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.
მკვლევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თიხის ჭურჭლით, რომელიც სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში დამზადებული უძველესი ჭურჭელია. მართლაც ერთ-ერთი ქვევრი, რომელიც შეისწავლეს, ერთი მეტრია სიმაღლეში, მისი მოცულობა კი 300 ლიტრია. ჭურჭელი გაფორმებულია მრგვალი წინწკლებით, რაც მკვლევრების განცხადებით, სავარაუდოდ, ყურძნის მარცვლებია.
მკვლევართა ჯგუფი კონცენტრირებული იყო ჭურჭლის ნიმუშების მოგროვებასა და ანალიზზე, რომელიც ნეოლითური ხანის სოფლიდან ამოიღეს. ასევე შეისწავლეს მიწის ნიმუშები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული მასალები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000–5 800 წლით თარიღდება. საერთო ჯამში, 30 ჭურჭლის ფრაგმენტი და მიწის 26 ფრაგმენტი შეისწავლეს.
მკვლევართა გუნდმა კვლევის სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენა, რათა მიწის ფრაგმენტები და ჭურჭლის შიდა ზედაპირი გამოეკვლია. მკვლევრები მოლეკულებს ან ქიმიურ ნარჩენებს ეძებდნენ, რაც ღვინის კვალის არსებობას დაამტკიცებდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ რვა ფრაგმენტში ღვინის მჟავის კვალი აღმოჩნდა, მიწის ტესტმა კი უფრო დაბალი სიხშირით აჩვენა მჟავის დონე. მკვლევრებმა ასევე დაასახელეს სამი სხვა მჟავა, რომლებიც ყურძენთან და ღვინოსთან არის დაკავშირებული.