შს მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩიორა თაქთაქიშვილს ტყუილები უყვარს და ხალხს ამით შეურაცხყოფას აყენებს:
“ის აშკარა სიცრუეს ეუბნება თავის ამომრჩევლებს და მე მინდა დოკუმენტალურად ვაჩვენო საზოგადოებას და ეს ქალბატონი გამოვავლინო თავის ტყუილებში. ის ამბობს, რომ “რეიდებს” აკანონებენ და რომ ამით უბრუნდებიან თითქოსდა შევარდნაძისეულ ეპოქას და მილიციას. მინდა ქალბატონ ჩიორას გარკვევით და კონკრეტულად ვუთხრა, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ ახლო წარსულში ამ ე.წ. რეიდების დაკანონებისა, რომელიც მოქმედ კანონშია. მოქმედი კანონის მეცხრე მუხლის ნ პუნქტში საუბარია რეიდებზე. კერძოდ, ლაპარაკია კანონით დადგენილი წესით, რომ ამ რეიდების დროს შეუძლია პოლიციას გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისთვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება. ეს ინიცირებული და მიღებულია 2012 წლის 12 ივნისს. ამიტომ ძალიან ვთხოვ ამ ქალბატონს, ტყუილებს ნუ ეუბნება საზოგადოებას.”
იზორია ამბობს, რომ კანონის მიღების შემდეგ პოლიციელების დათხოვნას არავინ აპირებს:
“ის თითქოსდა ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ პოლიციელთა გათავისუფლება იგეგმება. შე კაი ადამიანო, მინდა გითხრა, ქალბატონო თაქთაქიშვილო, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ყოველწლიურად საშუალოდ 4 ათას პოლიციელს ათავისუფლებდით, ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში კი ეს რაოდენობა 1 პროცენტსაც არ შეადგენს წელიწადში. თუ სურვილი გვქონდა, რომ პოლიტიკური ან სხვა ნიშნით პოლიციელები გაგვეთავისუფლებინა, ერთი პროცენტი კი არა, სხვა მაჩვენებელი გვექნებოდა.”
რაც შეეხება გამჭვირვალობას, იზორია აცხადებს, რომ შიდა აუდიტის სამსახურის შექმნის ასპექტში, სამინისტრომ დრო ითხოვა:
“კანონში საუბარია იმაზე, რომ შიდა აუდიტის სამსახური უნდა შეიქმნას ჩვენი უწყების ფარგლებში. ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს ერთგვარი აუდიტი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამისთვის გვჭირდება გარკვეული მომზადება, დრო. უარს კი არ ვამბობთ, არამედ მისი დანერგვის ვადა გავახანგრძლივოთ. მონიტორინგის კუთხით უფუნქციოდ კი არ რჩება სამინისტრო, ამას დღეს გენერალური ინსპექცია აკეთებს, უბრალოდ, ამ შიდა აუდიტის ჩამოყალიბება გათვალისწინებული იყო თვის ბოლომდე, ჩვენ, უბრალოდ, დრო ვითხოვეთ.
ტყუილების თქმა ჩვევია თაქთაქიშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, ამიტომ ძალიან ვთხოვ, რომ ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში, ელაპარაკონ საზოგადოებას სიმართლის ენით და ამით უფრო დაიჭერენ მხარდაჭერას, რაშიც მე დიდი ეჭვი მეპარება,”- განაცხადა იზორიამ.
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი პირდაპირ აკანონებს შევარდნაძის დროინდელი მილიციისთვის დამახასიათებელ “რეიდებს”, რომელსაც სპეციალური ტერმინი “სპეციალურ პოლიციური კონტროლი” დაერქმევა.
“ასევე კანონდება პოლიციელის მიერ დაუზუსტებული მოტივით მოქალაქეების დაკავება, შეჩერება, პირადი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ნივთების ჩხრეკა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს ინიციატივით, რომ მთლიანად გაუქმებულიყო პოლიციის მიერ ადამიანის თავისუფალი გადაადგილებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და შესაბამისი დამცავი გარანტიების გვერდის ავლით, თუმცა ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას”, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



