ეკა ბესელია აცხადებს, რომ “პოლიციის შესახებ” კანონი, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, სრულიად რევოლუციურია:
“ჩვენ ვიღებთ ახალ და ძალიან კარგ, სრულიად შეცვლილ და მე ვიტყოდი, რევოლუციურ კანონს “პოლიციის შესახებ”, რომლითაც ყველა მანკიერება, ის ხარვეზი, ის შეუსაბამობა და სრულიად დისკრიმინაციული და სახიფათო ჩანაწერები, რომლებიც არსებობს მოქმედ კანონში, იცვლება ახალი პრინციპებით, სადაც წერია, რომ პოლიცია იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და ის პოლიტიკურ პროცესებში არასოდეს ჩაერევა, რომ პოლიციელებს ექნებათ სახელმძღვანელო პრინციპი, რომლის მთავარი მიზანი- ეს არის უფლებების დაცვა, პრევენცია, დანაშაულის თავიდან აცილება. გონივრული ეჭვი, რომელიც იყო კრიტიკის საგანი, უქმდება და მის ნაცვლად შემოდის ისეთი ტერმინი, როგორიც არის პირის მოწვევა ან შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული გარემოებები, ფაქტობრივი ინფორმაცია, რომ ამ პირის მიმართ საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და ერთიან სისტემაში ძალიან კარგად ლაგდება ეს კანონი.”

ბესელიას მტკიცებით, კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. მისივე განმარტებით, ევროპული ქვეყნების მაგალითებია აღებული:
“გაცილებით უფრო მეტი დამცავი მქანიზმები ექნებათ ადამიანებს უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში, გამჭვირვალე იქნება და ღია პოლიციელთა ყველა ფინანსური სფერო. რაც შეეხება პოლიციელების მიღების სტანდარტს, კრიტერიუმები არის ძალიან კარგი სტანდარტით დადგენილი. 35 წელი, რომელიც იყო ზღვარი მიღების, უქმდება და, შესაბამისად, 35 წელს გადაცილებულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, იყვნენ ჩართული.”
ბესელია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებები უსაფუძვლოა:
“მთლიანობაში ეს არის ახალი პროექტი, რომელიც არის რევოლუციური, თანამედროვე, ევროპული და მორგებული შესაბამისობაში ადამიანის უფლებების დაცვასთან, ამიტომ ჩვენ მას პირველი მოსმენით მხარს დავუჭერთ. უსაფუძვლოა ბრალდებები, რომლებიც უმცირესობიდან ისმის.”
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმცირესობას “პოლიციის შესახებ” ის კანონი მოსწონდა, რომელიც ადამიანების უფლებებს ზღუდავდა:
“უმცირესობას მოსწონდა “პოლიციის შესახებ” ის კანონი, რომლითაც შესაძლებელი იყო მოქალაქეების უკანონოდ დაკავება, გონივრული ეჭვით, ანუ სრულიად დაუსაბუთებლად ნებისმიერი პირის შემოწმება და ჩხრეკა, უკანონო მოქმედებები და იმ კანონით შესაძლებელი იყო მათ შორის იარაღის ისე გამოყენება, რომლის გაკონტროლების მექანიზმებიც კი შეუძლებელი ხდებოდა. პოლიციელი მხოლოდ პრევენციაზე მუშაობს, ადამიანის უფლებების დაცვაზე, დანაშაულის აღკვეთაზე და ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, მთლიანად ორიენტირებულია გახსნაზე და ეს იქნება პოლიცია, რომელიც კი არ სკანდირებს პირველი პირის სახელს, არამედ პოლიცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს.”
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი პირდაპირ აკანონებს შევარდნაძის დროინდელი მილიციისთვის დამახასიათებელ “რეიდებს”, რომელსაც სპეციალური ტერმინი “სპეციალურ პოლიციური კონტროლი” დაერქმევა.
“ასევე კანონდება პოლიციელის მიერ დაუზუსტებული მოტივით მოქალაქეები დაკავება, შეჩერება, პირადი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ნივთების ჩხრეკა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს ინიციატივით, რომ მთლიანად გაუქმებულიყო პოლიციის მიერ ადამიანის თავისუფალი გადაადგილებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და შესაბამისი დამცავი გარანტიების გვერდის ავლით, თუმცა ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი ამ მიდგომას”, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



