ახალი ამბები

ახალი სამაუწყებლო ბადე და სესხი – რას გადაწყვეტს GPB-ის ბორდი

22 სექტემბერი, 2013 • • 1243
ახალი სამაუწყებლო ბადე და სესხი – რას გადაწყვეტს GPB-ის ბორდი

გოგუაძის განცხადებით, სამეურვეო საბჭო ბადეს ფინანსურ ნაწილში ამტკიცებს. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვალის აღება მოუწევს:

 

“სასურველია, ბიუჯეტი სამაშაბათს დავამტკიცოთ და ვიცოდეთ ვალი რამდენი იქნება, მაგრამ 4 მილიონი რომ არ იქნება, ეს ცხადია და, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები იქნება, არავითარი სურვილი არ მაქვს, მომავალ ბორდს და მენეჯმენტს ამხელა ვალი დავუტოვო, მე წინასწარ ვამბობ, რომ ბორდი არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც დიდ სესხზე იქნება გათვლილი,” – განაცხადა ემზარ გოგუაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალად აიღებს.

 

სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი მელაძის განცხადებით, პარასკევს ჩატარებულ საბჭოს სხდომაზე არხის მენეჯმენტმა  სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებით ხედვა წარმოადგინა და სამეურვეო საბჭოსთან ისაუბრეს ბიუჯეტზე, რომელიც, სავარაუდოდ, ბადეს დაჭირდება:

 

“საუაბრია სესხის აღებაზე, ჩვენ გვჭირდება კარგი დასაბუთება, რაში იყო ეს სესხი მოთხოვნილი. სესხის რამდენიმე ვარიანტი იყო წარმოდგენილი, 2.5 მილიონიდან – 4 მილიონამდე. ჯერჯერობით ხაზინაში არის ფული, მაგრამ ამ წლის ბოლომდე აუცილებელია რაღაც თანხა ისესხოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა,” – განაცხადა მელაძემ.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამაზ ტყემალაძე ამბობს, რომ ბადე, რომელიც მენეჯმენტმა შეიმუშავა, ძირითადად, “ეროვნული სულისკვეთების თემებითაა” დატვირთული, თუმცა აღნიშნავს, რომ არხზე 6 პოლიტიკური თოქ–შოუ გავა:

 

“ხალხური შემოქმედება, ჩვენი სამამულო ლიტერატურა, ხელოვნება და ფოლკლორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტული წილი ამ გადაცემებზე მოდის ბადეში. გადაცემებზე იმუშავებენ, ბატონი ელდარ ნადირაძე – ჩვენი პროფესორი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ა.შ. ჩვენი თალსაჩინო ადამიანები”.

 

ტყემელაძის განცხადებით, არც გიორგი კორკოტაშვილი და არც ირაკლი კაკაბაძე გადაცემების წამყვანებად არ მოიაზრებიან.

 

გიორგი კორკოტაშვილი არცერთ გადაცემას არ წაიყვანს, ჯერჯერობით ასეა და მომავალ წელს არ ვიცი, როგორ იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომა 20 სექტემბერს აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი და მის მოვალეობის შემსრულებლად თამაზ ტყემალაძე დაინიშნა.

 

გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ პირველად 6 თვის წინ გადააყენა, თუმცა, იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობაზე მალევე აღადგინა. საზოგადოებრივ მაუწყებელს 40 დღის ვადაში ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი