ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ნატახტარში აქცია გამართეს, ისინი ოსური მხარისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემას ითხოვდნენ. ადგილზე შეკრებილებმა ნატახტართან, მცხეთა-სტეფანწმინდის გზა გადაკეტეს.
“მიცვალებული შვილი მაინც დამიბრუნონ და დედამ დაიტიროს როგორც წესი და რიგია. სურათებს დასტირის”, – ამბობს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი.
აქციას თბილისიდან შეუერთდა აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელიც ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.
იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას დღეს ელოდა, როგორც ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.
სუს-ის წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ლეგიტიმურია შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ოსური მხარე ცხედარზე ძალადობის კვალის დაფარვის მიზნით აჭიანურებდეს ცხედრის გადმოცემას.
არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირები, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან, თუმცა მათ პირადობის მოწმობა და ე.წ. პროპუსკი ჩამოართვეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან.