ახალი ამბებისამართალი

ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭო ირაკლი შავაძის განცხადებით უნდა დაინტერესდეს

26 თებერვალი, 2018 • 2182
ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭო ირაკლი შავაძის განცხადებით უნდა დაინტერესდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე თავად დააყენებს საკითხს, რომ განიხილონ მოსამართლე ირაკლი შავაძის ბრალდებები ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის საბჭოს მიმართ.

როგორც ჯანეზაშვილმა 26 თებერვალს, სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონის მიხედვით, სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საბჭოს ვალდებულებაა.

“სწორედ ამიტომ, თუკი ჩნდება ეჭვები, განცხადბები კეთდება ამასთან მიმართებაში, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რაიმე სავარაუდო დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ, რომ საბჭომ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს,”- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, რა ფორმით უნდა შეისწავლონ ეს საკითხი, სხვა თემაა, ვინაიდან პროცედურები ასეთ საკითხებთან დაკავშირებით არ აქვთ. თუმცა ჯანეზაშვილი ამბობს, რომ შეუძლიათ შეხვდნენ როგორც ირაკლი შავაძეს, ასევე ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს.

“ვფიქრობ, საბჭომ პირადად მხარეებისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია და შეისწავლოს ეს საკითხი, ამიტომ ნამდვილად ღირს ამ საკითხზე მსჯელობა. როდესაც სხდომა დასრულდება, შევთავაზებ საბჭოს, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

22 თებერვალს უსტიციის უმაღლესმა საბჭომ ირაკლი შავაძეს უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. ირაკლი შავაძის განცხადებით, მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და სწორედ ამიტომ უთხრა საბჭომ უარი გამწესებაზე.

“ის [მამისეიშვილი] ხელს მიშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებაში… ხშირად აღნიშნავდა, რომ ლევან მურუსიძე იყო მისი შვილის ნათლია, იუსტიციის საბჭოს წევრები მისი მეგობრები არიან და მე შემექმნებოდა პრობლემები,”- განაცხადა ირაკლი შავაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი