საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მოხდეს დროული და ადეკვატური რეაგირება.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი დევნის ფაქტს და ბოლოს მომხდარი შემთხვევის (რომლის შედეგადაც არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე დაყენებას აპირებს. სხდომა ბრიუსელში ხვალ გაიმართება.
ამის შესახებ ლინკევიჩუსი ტვიტერზე წერს და მომხდარის ამსახველ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
“რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეპრესიული რეჟიმის მახინჯი მხარე”, – წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და აცხადებს, რომ მხარს უჭერს ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბებას.
სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ ცხინვალი ცხედარს ორშაბათამდე არ გადასცემს ოჯახს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.