ახალი ამბებისამართალი

პროკურორები არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა – დეკანოზი მამალაძე

23 თებერვალი, 2018 • 3491
პროკურორები არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა – დეკანოზი მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს მას პროკურორები არ დაუწყევლია, არამედ ეს იყო კრულვა, რაც, მისი თქმით, ფიცით შეკვრას ნიშნავს თანამედროვე ქართულით. ამის შესახებ მან TV პირველთან სატელეფონო საუბრისას ისაუბრა.

“საგამოძიებო მოქმედებების დროს პროკურორი წიკლაური საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს მე კრიტიკულ კითხვებს არ ვპასუხობდი და თითქოს მე ისინი დავწყევლე. რეალურად, ვიდეოკამერის გათიშვის შემდგომ, რომელსაც ადვოკატებიც ესწრებოდნენ. მათი კითხვები საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს შეეხებოდა: რა ეწერა პატრიარქის ანდერძში და ა.შ.

რაც შეეხება წყევლას, მე ისინი არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა. კრულვა ძველი სიტყვაა და თანამედროვე ქართულით ფიცით შეკვრას ნიშნავს,” – განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

2017 წლის 1 მარტს, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ დეკანოზმა მამალაძემ ისინი დაწყევვლა.

[red_box]ე.წ. ციანიდის საქმე – ყველა საიხლე[/red_box]

  • დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა.
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
  • პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
  • მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
  • 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
  • მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  • საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
  • თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
  • დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი