ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაცია (ფოტო/ვიდეო)

19 სექტემბერი, 2013 •
გიორგი მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაცია (ფოტო/ვიდეო)

 

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტი, კოალიციის ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“   აქტივისტები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდა.  შეხვედრა კოალიციის ახალგაზრდულმა ფრთამ გახსნა. საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ  მათმა წარმომადგენელმა, ოთარ აბესაძემ მოუწოდა. სპორტის სასახლის სცენიდან საზოგადოებას მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სიტყვა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს გადასცა.

 

გიორგი მარგველაშვილმა ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები მიმოიხილა და  საკუთარ პროგრამის პრიორიტეტებსა და ქვეყნის განვითარების მომავალ  გეგმებზე ისაუბრა. ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკა დაასახელა, რისთვისაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია  სტაბილური გარემოს შექმნა,  არსებული პოტენციალის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო ინტენსიური ჩართვა. მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება სრულიად ახალი დასაქმების ეკონომიკა.

 

 

“სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლების, როგორც კონსტიტუციური უფლების, დაცვას. ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების რეალურად განხორციელებას და  შექმნის აკადემიური თავისუფლების დაცვის საკნონმდებლო გარანტიებს  და მექანიზმებს’, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 იგი ასევე შეეხო ჯანდაცვის საკითხებს და თქვა, რომ ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურია.

 

 

მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმის არსია ავტორიტარიზმის პირობებში ჩამოყალიბებული ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაცია, მმართველობის უფრო ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.

 

“ადგილობრივი მმართველობები ავტონომიურნი უნდა იყვნენ ცენტრისაგან და, ამავე დროს, – ანგარიშვალდებულნი უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე”.

 

“ქართული ოცნების’ პრეზიდენტობის კანდიდატმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა:

 

 “საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იქნება სამოქალაქო ინიციატივების, ინსტიტუტების ავტონომიურობის გარანტი. პრეზიდენტის ვალდებულებაა, იმოქმედოს მოქალაქეთა თავისუფლების უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტის მთელი პოლიტიკური გავლენა ჩააყენოს მოქალაქეთა სამსახურში, უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება, იშრომონ საკუთარი ხედვებისა და ღირებულებების შესაბამისად”, – განაცხადა მან და ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, სასამართლოს დეპილიტიზაციაზე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნვეყოფაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ეკლესიასთან დამოკიდებულებაზეც:

“საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციით აღიარებული ისტორიული როლის ხაზგასმა მოხდა საკონსტიტუციო შეთანხმების –კონკორდატის მეშვეობით.  პრეზიდენტი იქნება მისი დაცვის გარანტი”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ძმები, ლევან და გია გაჩეჩილაძეები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები ზაზა კოლელიშვილი, გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, ქეთი დოლიძე, გოგა ხაინდრავა ასევე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ჯაბა ჯიშკარიანი.

“გუმანით ვგრძნობ, რომ ძაან კარგი პრეზიდენტი იქნება გიორგი მარგველაშვილი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს’ გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა”.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი