ახალი ამბები

რას თხრიან და აშენებენ ნარიყალაზე

23 თებერვალი, 2018 •
რას თხრიან და აშენებენ ნარიყალაზე

ნარიყალის ციხის გვერდით ფერდობზე საცხოვრებელი სახლების აშენება ან გაყიდვა სურთ. ამავე დროს კომპანია მძიმე ტექნიკით უკანონო “არქეოლოგიურ” სამუშაოებს აწარმოებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ნარიყალის ტერიტორიაზე დღეს, 23 თებერვალს, მისული იყვნენ მათი მონიტორები, რომლებმაც ნახეს, რომ ადგილზე მიმდინარეობდა უკანონო სამუშაოები. სააგენტოში განმარტეს, რომ კომპანიას არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების ნებართვა არ ჰქონია აღებული.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა აღნიშნული ტერიტორიის მფლობელს, კომპანია “კაზმას”, რომელმაც განგვიმარტა, რომ აქ არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებენ სპეციალისტები და ნებართვაც აქვს აღებული. იგი გვიმტკიცებდა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა.

კონკრეტულად, რის აღმოჩენას ისახავს მიზნად ეს სამუშაოები, კომპანიაში ამბობენ, რომ ზოგადად, არქეოლოგიურად სწავლობენ ამ ადგილს.

“არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ისეთი ადგილია და ქალაქის გულია”, – განგვიცხადეს კომპანიაში.

შპს “კაზმას” მფლობელობაში ნარიყალაზე 2 963 მ2–ის ფართობის მიწაა, რომლებიც იურიდიულად 8 საკადასტრო ერთეულადაა დაყოფილი. ამათგან ერთი არის ქუჩაც – ბეთლემის ქუჩა, რომელიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2009 წლის 15 ივლისს მიჰყიდა კომპანია “სი ბი არ კაპიტალ ლიმიტედს” იმ პირობით, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს “განავითარებდა.” ეს ნაკვეთი დღეს “კაზმას” საკუთრებაა.

ჯერჯერობით ამ მიწის ნაკვეთებზე არქიტექტურის საქალაქო სამსახურს მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ აქ არაფრის აშენებას არ აპირებენ, თუმცა რვავე მიწის ნაკვეთზე სამშენებელო პირობების გარკვევას კომპანია 2015 წლიდან ცდილობს. 2015 წელს “კაზმამ” არქიტექტურის სამსახურს მისწერა, რომ მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს, ნებართვა რომ მიიღოს ამ ადგილას საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად.

კომპანია ასევე იყო დაინტერესებული განაშენიანების კოეფიციენტების ოდენობით, რომელიც დაშვებულია თბილისის ისტორიული და უძველესი უბნისთვის.

მოგვიანებით, 2017 წელს, კომპანიამ ამ ადგილას, ერთერთ მიწის ნაკვეთზე მოითხოვა, რომ არქიტექტურის სამსახურს მიეცა ნებართვა, 10 მეტრის სიგრძისა და 5 მეტრის სიგანის ბანერი დაემონტაჟებინა, რომლითაც მიანიშნებდა, რომ ეს ტერიტორია იყიდება. თუმცა არც ამ აბრაზე არ გაუცია ნებართვა არქიტექტურის სამსახურს.

2017 წლის ივნისში კომპანია ითხოვდა საქალაქო სამსახურისგან, რომ მიეცათ ნებართვა ხელსაწყოების შესანახი კაბინის მოსაწყობად, თუმცა არც ამაზე გასცა ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა.

“ნეტგაზეთმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კომპანია “კაზმამ” თბილისის მუნიციპალიტეტის კომპანია შპს “თბილსერვის ჯგუფთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც “თბილსერვის ჯგუფს” უნდა გაეტანა სამშენებლო ნარჩენები. ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 18 მაისიდან 31 დეკემბრამდე მოქმედებდა.

ინტერნეტში იძებნება 2007–8 წლების პროექტი ‘ნარიყალა”, სადაც ასაშენებელი შენობის ჩანახატებია გამოქვეყნებული, თუმცა ამ პერიოდში არქიტექტურის სამსახურში მშენებლობაზე ნებართვაც არ ყოფილა შეტანილი. მაშინ ამ ტერიტორიის მფლობელი კომპანია “სი ბი არ კაპიტალ ლიმიტედი” იყო.

კომპანია “კაზმა” რუსთაველის გამზირის 42 ნომერში მდებარე ‘ზარია ვოსტოკას” შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნასა და ნგრევასთან იყო დაკავშირებული. ამის გამო საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

შენობის ნგრევა დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს. 2006 წელს მას ისტორიული შენობის სტატუსი ჩამოერთვა. ჯერჯერობით არსებობს ორი პროექტი, თუ რა იქნება ”ზარია ვოსტოკას” ნაცვლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი