საზოგადოება

აქცია ”ზარია ვოსტოკასთან”

12 იანვარი, 2011 •
აქცია ”ზარია ვოსტოკასთან”

დღეს 50-მდე კაცი რუსთაველის 42 ნომერში მდებარე ”ზარია ვოსტოკას” ყოფილი რედაქციის შენობის დანგრევას აპროტესტებდა.

საპროტეტესტო აქცია სტვენის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის ორგანიზატორი, ”ტფილისის ჰამქარის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი, კითხვაზე, თუ რატომ იმართება აქცია შენობის ნგრევის დაწყებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, პასუხობს:

”გავივლით სადმე, ვნახავთ, რომ ანგრევენ შენობას და მერე ვიწყებთ პროტესტს, სხვა რა გზაა?!” 

მისივე თქმით, თბილისის მერიასთან  ერთი წელია მიმოწერა აქვთ, თხოვნით, რომ დაასწრონ საბჭოს სხდომებს, რომელზეც მსგავს პროქტებს იხილავენ.

”ერთი წელია პასუხად გვწერენ -დარბაზში ადგილი არ გვაქვს და ვერ დაგასწრებთო. ესაა ცინიზმი”,-ამბობს ელისაშვილი.

ალექსანდრე ელისაშვილი შენობისთვის ისტორიული სტატუსის დაბრუნებას ითხოვს.

საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი , რომელიც, ასევე, აქციაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მისთვის არაფერია გასაკვირი  იმაში, რომ შენობას ისტორიულ სტატუსს როდესაც უნდათ მაშინ მოუხსიან.

ხიდაშელის თქმით, მან, როგორც საკრებულოს წევრმა, როდესაც ამ შენობის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მოითხოვა, რომ შენობას რაიმენაირი ზიანი არ მიდგომოდა და  საბოლოო გადაწყვეტილებაში ეს ჩაწერილიყო. როგორც ხიდაშელი ამბობს, ამაზე თანხმობაც მიიღო. 

”და თუკი მაინც რაიმე ასეთი ტიპის სამუშაო ჩატარდებოდა, ის გახდებოდა საჯარო და საზოგადოებასთან შეთანხმებული.  ნებისმიერი ასეთი ტიპის ღონისძიება ქალაქის მთავარ ქუჩაზე უნდა ხორციელდებოდეს ექსპერტებთან შეთანხმებითა და საზოგიადოებრივი დისკუსიის შედეგად”, -ამბობს ხიდაშელი.

შენობის ნგრევა დაახლოებით ერთი თვეა მიმდინარეობს. 2006 წელს მას ისტორიული შენობის სტატუსი ჩამოერთვა. ჯერჯერობით, არსებობს ორი პროექტი, თუ რა იქნება ”ზარია ვოსტოკას” ნაცვლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი