ახალი ამბები

“რუსთავი 2”- ის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე უვადოდ დანიშნეს

23 თებერვალი, 2018 •
“რუსთავი 2”- ის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე უვადოდ დანიშნეს

22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე უვადოდ დანიშნა.

ნათია გუჯაბიძე 2007-2015 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2015 წლის სექტემბერში გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. 2016 წლის იანვრიდან კი კვლავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

სწორედ 2016 წელს მან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიის წევრის სტატუსით განიხილა რუსთავი 2-ის სააპელაციო საჩივარი. მხარე ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბერის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

რუსთავი 2 -მა მაშინ ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ხოლო არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლე გუჯაბიძემ ჩაიდინა სავარაუდო თაღლითობა, რადგან მისთვის ბინის ქირის თანხას იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტი მაშინ, როცა ის რეალურად ცხოვრობდა სახლში, რომელიც არის დედამისის სახელზე. გუჯაბიძემ თვითაცილებაზე უარი განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესმა  საბჭომ მაშინ განაცხადა, რომ  ინფორმაცია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა საია მიიჩნევდა, რომ ამ თემაზე პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი