საია მიიჩნევს, რომ თუკი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. ამასთან, ეს ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.
საუბარია მოსამართლე ნათია გუჯაბის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე, რომ მას საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯები წლების განმავლობაში უნაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოსამართლე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისაგან ქირაობდა.
ეს ინფორმაცია მოსამართლეზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამჟამად “რუსთავი 2-ის” საქმეს იხილავს, ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა 1 ივნისს.
” თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას”, – განაცხადა მაშინ გვარამიამ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 ივნისს განაცხადა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასტანავე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. საბჭოს არ გაუვრცელებია ინფორმაცია იღებდა თუ არა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ფართის ქირავნობის ხარჯებს, თუმცა განაცხადა, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით) რაიმე დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, საბჭოს არასდროს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.
“ზემოაღნიშნული ფაქტი და მასთან დაკავშირებით გაკეთებული იუსტიციის საბჭოს განმარტება, რომელმაც სათანადოდ ვერ გააბათილა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, საფრთხეს უქმნის სასამართლოს რეპუტაციას, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიმდინარე დავის მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად განხილვის შესაძლებლობას”, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია[საია].
საიას აზრით, რომ აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამომწურავად და სრულყოფილად გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. ამასთან, კანონით დადგენილი წესით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით;
“ასევე, შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რამდენად ადეკვატური და კანონთან შესაბამისი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე განხორციელებული რეაგირება”.
საია თვლის, რომ “რუსთავი 2?-ის საქმის განხილვა არ უნდა გაგრძელდეს იმ სასამართლო შემადგენლობის მიერ, რომლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ კითხვები არსებობს.
“მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ აღძრავს ეჭვებს სასამართლო ადმინისტრირების სისტემაში მანკიერი პრაქტიკის არსებობის თაობაზე, მათ შორის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით. ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასათანადო რეაგირება შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე, მეორე მხრივ, შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობა შესაბამისი ორგანოებისათვის – საქმის გამოუძიებლად დატოვება განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ იმ პირობებში, როცა ნებისმიერ დროს შესაძლებელია საქმეზე დაიწყოს გამოძიება – მოსამართლეს აქცევს მოწყვლადად როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებისთვის და საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.
მსგავსი შემთხვევები სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც კონკრეტული მოსამართლის, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო ადმინისტრირების მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარების აუცილებლობას”, – ნათქვამია საიას 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.