ახალი ამბები

ზურაბ ხიზანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს ტოვებს

19 სექტემბერი, 2013 •
ზურაბ ხიზანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს ტოვებს

“მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად. დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე. მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან, სამწუხაროდ, უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში 400- მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და თურქეთის უმაღლეს ლიგებში. მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მქონია პატივი, ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დიდი მადლობა ყველას. არ მინდა ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის. მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად”, – ნათქვამია ხიზანიშვილის განცხადებაში.

 

31 წლის ხიზანიშვილი, რომელსაც საკლუბო დონეზე თავის დროზე ცნობილი ბრიტანული გუნდების, დანდის, რეინჯერსის, ბლექბერნის, რედინგისა თუ ნიუკასლის შემადგენლობაში უთამაშია, ამჟამად თურქული კაისერის რიგებში ირიცხება.

 

ზურაბ ხიზანიშვილი
ზურაბ ხიზანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი