“საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომაში შეიყვანა ქართული საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში დასაქმებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს. ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს. აქვე გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. ალექსანდრე ტუღუშის ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცეპოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა. თავდაცვის სამინისტროში უკვე აქტიურად მოქმედებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსური პროგრამა. ეს სისტემა მოიცავს დაჭრილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო დახმარებას, პროტეზირებას, პროფილურ დაზღვევას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. “დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსურ პროგრამაში” აქტიურად არიან ჩართულები თავად დაჭრილი სამხედროები; ალექსანდრე ტუღუში ამ პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორია და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ დაჭრილ სამხედროებთან კოორდინაცია და მათ პრობლემებზე მუშაობა ევალება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის უწყება ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ავტოფარეხში ცხოვრობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ალექსანდრე ტუღუში 2011 წლის 8 დეკემბერს ჰელმანდის პროვინციაში, სოფელ დუაბში ქვეითი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. მისი თქმით, ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საცხოვრებელი ბინის არქონის გამო იძულებულია, ავტოფარეხში იცხოვროს.
,,ალექსანდრე ტუღუშზე ვრცლად მესაუბრა პრეზიდენტი ობამა, რომელმაც ის საავადმყოფოში მოინახულა. მისი გმირობით აღტაცებული იყო ამერიკელი გენერალი პეტრიუსი, მასზე რამდენჯერმე მესუბრა ადმირალი სტავრიდისი, რომელმაც პირადად მოინახულა ამერიკაში. ეს არის ქართველი კაცის წარმოუდგენელი გმირობის, თავდადების და განსაკუთრებულობის ნამდვილი სიმბოლო. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ესეთი შვილები თითზე დასათვლელად დაბადებია. ახლა ეს კაცი, რომელიც ამდენი წელი, ბოლო ამდენი თვეები ამერიკაში მკურნალობდა, ჩამოვიდა საქართველოში და მინდა გაჩვენოთ, სად ცხოვრობს… მუხათგვერდის სასაფლაოს მიახლოებულ ტერიტორიაზე, ფარეხში…
ალექსანდრე ტუღუში ამერიკილებისთვის საქართველოს, ქართველების გამბედაობის და ქართველების მაღალი კვალიფიკაციის სიმბოლოა. სწორედ იმ ამერიკელებისთვის, ვინც საქართველოს დაეხმარა ყველა გადამწყვეტ მომენტში და უნდა დაგვეხმარონ მომავალში. ეს არის ნამდვილი გმირი საქართველოში, გაუტეხელი და შეუპოვარი. აი, ეს ყველაფერი არის ჩვენი ეროვნული სირცხვილი, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო ცხოვრობდეს ავტოფარეხში, ამის შემდეგ თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი, ხალხნო?’’, – განაცხადა პრეზიდენტმა.