ახალი ამბებიეკონომიკა

რას გულისხმობს საგადასახადო რეფორმა მცირე მეწარმეებისთვის

22 თებერვალი, 2018 • 2707
რას გულისხმობს საგადასახადო რეფორმა მცირე მეწარმეებისთვის

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლითაც მცირე მეწარმეებს საგადასახადო შეღავათაები დაუწესდებათ.

მოქმედი კანონმდებლობით მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმეს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება. დაგეგმილი ცვლილებით, მცირე ბიზნესის სტატუსი 500 ათას ლარამდე ბრუნვის საწარმოსაც მიენიჭება.

მოქმედი სისტემით მცირე ბიზნესის შემოსავალი 5%-ით იბეგრება. ცვლილებების შემდეგ მცირე ბიზნესის წლიური ბრუნვა 1%-ით დაიბეგრება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი რეფორმით 120 ათასი მეწარმე ისარგებლებს.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაგეგმილი რეფორმის მთავარი მიზანი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდაა.

“ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეეხება. ამის გაკეთება მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე წარმოუდგენელია,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი ქვეყნაში 50 ათას მეწარმეს აქვს. რეფორმის შემდეგ კი ამ სტატუსით და საგადასახადო შეღავათით 120 ათასი მეწარმე ისარგებლებს.

“ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ინიციატივებია განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის. ცვლილება ორი მიმართულებით იძლევა შედეგს. პირველი ის, რომ იზრდება იმ მეწარმეების რაოდენობა, ვისაც შეუძლია ისარგებლოს რეფორმის ერთპროცენტიანი გადასახდით. ვგულისხმობ 100 ათასიდან 500 ათასამდე გაზრდილ ზღვარს. მეორ,ე ვინც იხდიდა 5%-იან გადასახადს,  მათთვის მცირდება გადასახადის მოცულობა,”-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ რადგან მოგების გადასახადის ახალი რეჟიმით ე.წ ესტონური მოდელით ვერ ისარგებლეს მცირე მეწარმეებმა, მთავრობის მხრიდან ასეთი რეფორმა დროული იყო.

“ძალიან კარგი ინიციატივაა. მნიშვნელოვნად ხდება ზღვრის გაზრდა. თუ ადრე მეწარმე 100 ათას ლარზე იღებდა შეღავათს, ახლა 500 ათასზე მიიღებს. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, ეს რეფორმა ნამდვილად მოგვცემს ამ ეფექტს.  100 ათასის 5% და 500 ათასის 1% ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე მოლოდინი გვაქვს, რომ მცირე მეწარმეობა უფრო მიმზიდველი გახდება,”-აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.

კომპანია “ქსაი პექს კავკასუსის” წარმომადგენელი ლადო აბურჯანიძე ამბობს, რომ მისი კომპანიისთვის დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანია.

“ამ ცვლილებით ცალსახად ვისარგებლებ. აქამდე ჩვეულებრივად ვიბეგრებოდი, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი ვიყავი. ახლა შევეცდები ეს ყველაფერი ამ ჭრილში გადავიტანო. მე პირადად საგადასახადო ტვირთი 40 ათასით შემიმსუბუქდება. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათია, დროულად მოსული დახმარებაა,”-აცხადებს მეწარმე.

თამრიკო ჯიქია IT მომსახურეობის კომპანია იბერ მედიას წარმოადგენს. მეწარმე ამბობს, რომ მცირე ბიზნესისთვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, თუმცა ჯერ ვერ ასახელბს კონკრეტულ თანხას, რასაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სარგებლის სახით მიიღებს. “5%-დან 1%-ზე გადასვლა მნიშვნელოვანი შეღავათია მცირე ბიზნესისთვის,”-აცხადებს თამრიკო ჯიქია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათები მცირე მეწარმეებითვის სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი