“ამ წუთებში მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ პრობაციაზე მყოფი პირი დაიბარეს განყოფილებაში დოკუმენტაციის შეგროვების მოტივით, ადგილზე მისულს კი ბორკილები დაადეს და ნარკოლოგიურში იძულებით ტესტირებაზე გადაჰყავთ” – ნათქვამია თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ დღეს, 22 იანვარს, გავრცელებულ განცხადებაში. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თხმ-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს, დავით სუბელიანს, რათა საქმის დეტალები გაერკვია.
როგორც დავით სუბელიანმა “ნეტგაზეთს” მოუყვა, პირი, რომელიც ამ დროისთვის პრობაციაზე იმყოფება, დაახლოებით თვენახევარია, რაც საპყრობილიდან გამოუშვეს.
“საქმე ის არის, რომ როდესაც პრობაციაზე ხარ, გარკვეული პერიოდულობით პოლიციაში უნდა ჩაიტანო ხელწერილი. ამ პირსაც პრობაციის სამსახურიდან ადგილობრივ პოლიციაში უნდა მიეტანა ეს დოკუმენტი. მიიტანა ეს ფურცელი, დატოვა წესის მიხედვით. მეორე დღეს, ანუ დღეს დილით, ურეკავენ პოლიციიდან და ეუბნებიან, რომ მის მიერ დაწერილ დოკუმენტში რაღაც შეცდომაა, მოდი და გავასწოროთო. პოლიციაში მისვლისთანავე მას ბორკილები დაადეს და განუცხადეს, რომ ვიცით, შენ ნარკოტიკის მომხმარებელი ხარ, რაც დანაშაულია და ახლა უნდა წაგიყვნოთ ნარკოლოგიურ შემოწმებაზეო” – ამბობს სუბელიანი.
როგორც ის განმარტავს, სანამ მას ნარკოლოგიურში გადაიყვანდნენ, აღნიშნულმა პირმა მეგობარს დაურეკა და მოუყვა ისტორია, მეგობარი კი, თავის მხრივ, თეთრი ხმაურის მოძრაობას დაუკავშირდა.
“ჩვენ ადვოკატთან ერთად წავედით ნარკოლოგიურში და 15 წუთში გამოვედით, უარი განვაცხადეთ დარჩენაზე. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, სავარაუდოდ, მას ჩაუდებდნენ რაიმე ნარკოტიკს, რაც “გაუცხოცხლებდა” პირობითს. მას. როგორც აღვნიშნე, 3-წლიანი პირობითი აქვს არანარკოლოგიურ დანაშაულზე. ისტორიის მორალი არის ის, რომ პოლიცია ეძებს სტატისტიკის შევსებისა და გაუმჯობესის გზებს” – განმარტავს თხმ-ს წევრი.
მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს აუფლება აქვს, უარი განაცხადოს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. როგორც სუბელიანი აცხადებს, თხმ-ს ადვოკატმა პირს კონსულტაცია გაუწია, რის შემდეგადაც ნარკოლოგიურის ექსპერტთან შესაბამის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
თუმცა, როგორც დავით სუბელიანი აცხადებს, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პირი ნარკოტესტზე მოტყუებით გადაიყვანეს, პროცედურული დარღვევები უშუალოდ ნარკოლოგიურშიც დაფიქსირდა
” ნარკოლოგიური შემოწმება არის ორი სახის: ბიოლოგიური მასალის ანალიზი და კლინიკური დათვალიერება. კლინიკური დათვალიერებამდე არის ასეთი წესი, რომ უნდა გაგაფრთხილონ, რას აპირებენ, როგორი პროცედურებია და ამაზე უნდა გასცე შენ თანხმობა, რის შემდეგაც ამოწმებენ შენს მოტორიკას და წონასწორობას, რომ გაარკვიონ, ხარ თუ არა რაიმე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ეტყობა, ნარკოლოგიურშიც რაღაც სტატისტიკა აქვს შესავსები. გააფორმეს რაღაც ფურცელი, რომ ეს დათვალიერება ჩაუტარდა, როცა ექიმებს ამ პირისთვის არ უკითხავთ არც თანხმობა და არც განუმარტეს, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ” – ამბობს სუბელიანი.
დავით სუბელიანის თქმით, თეთრი ხმაურის მოძრაობა აპირებს, გამოითხოვოს ოქმები და დოკუმენტები როგორც პოლიციიდან, ასევე ნარკოლოგიური ცენტრიდან.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც პრესსამსახურმა აღნიშნული ამბავი უარყო. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული პირი განყოფილებაში ქუჩიდან წაიყვანა, რათა შესაბამისი პროცედურების შემდეგ ნარკოლოგიურში გადაეყვანათ. შსს-ს ცნობით, პოლიციას არ გამოუყენებია ძალა, არც ხელბორკილები, ნებისმიერი ქმედება ნებაყოფლობითი და შეთანხმებული იყო. იმის შემდეგ კი, რაც აღნიშნულმა პირმა უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოქმებაზე, ის გამოუშვეს.