საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. მისი განმარტებით, პროკურატურა ორ მსგავს საქმეზე ურთიერთსაპირისპიროდ მოქმედებს:
“სულ ცოტა ხნის წინ, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის, ამ ქეისთან ძალიან მსგავს საქმესთან მიმართებაში აკეთებს განცხადებას, რომ წინასწარი გამოძიების დასრულების გამო,მსჯავრდებულები ვერ შეუშლიან ხელს გამოძიების მიმდინარეობას და ვერ შეცვლიან არსებულ რეალობას, ისინი იქნენ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ მსგავს საქმეზე ეს სტანდარტი გავრცელდება და ვანო მერაბიშვილიც, გამომდინარე იქიდან, რომ მის საქმეზეც წინასწარი გამოძიება დამთავრებულია, იქნება გათავისუფლებული წინასწარი პატიმრობიდან.”
თარგამაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა კატეგორიულად მოითხოვს მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის მოხსნას:
“ეს არის ჩვენი ძალიან კატეგორიული მოითხოვნა და თუ ეს არ შესრულდება, ელემენტარულად, ჩვენ და ალბათ საზოგადოებაც, იმედია, ჩავთვლით, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი ხელისუფლების და პროკურატურის მხრიდან და ვთქვათ, ერთი სტანდარტი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებთან რაიმე ნათესაურ კავშირში ან მეგობრულ კავშირში მყოფი ადამიანების მიმართ წარმოებულ გამოძიებას და მეორე სტანდარტი ეხება წინა ხელისუფლების მაღალი დონის თანამდებობის პირების საქმის გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედი გვაქვს, რომ ორმაგი სტანდარტი იქნება გამორიცხული და ვანო მერაბიშვილზეც გავრცელდება იგივე სტანდარტი, რაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოფლის მეურნეობაში გამოძიების ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ.”
დეპუტატის ინფორმაციით, ხვალინდელ პროცესზე დაცვის მხარე აღნიშნულ მოთხოვნას სასამართლო სხდომაზე დააყენებს:
“ამ მოთხოვნას ჩვენც პოლიტიკურ დონეზე ვაყენებთ. რა თქმა უნდა, იგივე თემაზე აპელირებას გავაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ნათელი სურათი არის. ვფიქრობთ, რომ თუ არსებობს ასეთი სტანდარტი ქვეყანაში, ის ავტომატურად უნდა გავრცელდეს ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიებაზეც.”
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 19 სექტემბერს, 12 საათზე განახლდება.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



