ახალი ამბები

ნიკოლოზ რაჭველმა სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

18 სექტემბერი, 2013 •
ნიკოლოზ რაჭველმა სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სიმფონიურ ორკესტრს ნინო ნახუცრიშვილი ხელმძღვანელობს.

 

როგორც  “ნეტგაზეთს” კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ნიკოლოზ რაჭველმა კულტურის სამინისტროს გადადგომის მიზეზები განუმარტა, თუმცა სამინისტროს მისი გასაჯაროება ამ დროისთვის არ შეუძლია.

 

ნიკოლოზ რაჭველი
ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველის განცხადება გადადგომის შესახებ კულტურის სამინისტრომ 11 სექტემბერს დააკმაყოფილა, თუმცა სამინისტრომ მხოლოდ დღეს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რასაც კულტურის სამინისტროში ასე ხსნიან:

 

“უამრავი ადამიანი მიდის და მოდის თანამდებობიდან, ჩვენ გვყავს 90-ზე მეტი სსიპ, შესაბამისად, ყველა ინფორმაციას ბრძანებების შესახებ ჩვენ ვერ გავავრცელებთ. კითხვა როცა ისმება, იმას პასუხს ვცემთ, კითხვა არ დასმულა. ორკესტრს ჰყავს თავისი სტრუქტურა, პიარი და მათაც შეეძლოთ გაევრცელებინათ ინფორმაცია და შეგიძლიათ მათ მიმართოთ პრეტენზიით, რატომ არ შეგატყობინეს,” – აცხადებენ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

ნიკოლოზ რაჭველის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს გახდა ცნობილი, სადაც აქციის მონაწილეები ნიკოლოზ რაჭველის მიერ 33 მუსიკოსის ორკესტრიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ:

 

“დღეს 4 მათგანს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა შეხვდა, მოუსმინა მათ, პრობლემა აქამდეც ცნობილი იყო, დიდი ხანია ეს ადამიანები ამ პრობლემის წინაშე დგანან, ისინი ჩატარებული კონკურსის შედეგებს არ იზიარებენ. ამ საკითხზე იმსჯელებენ ხელმძღვენელობასთან ერთად და რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, კონსესუსამდე მივლენ”.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა ნიკოლოზ რაჭველთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი