ახალი ამბები

მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ “ობიექტივის” საქმე მოისმინა

18 სექტემბერი, 2013 •
მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ “ობიექტივის” საქმე მოისმინა

კომისიის სხდომაზე, ძირითადად, “ობიექტივისთვის” ლიცენზიის ჩამორთმევაზე იყო საუბარი. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, ტელევიზია სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ინაშვილის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ამ ლიცენზიას დაუბრუნებენ:

 

“2004 წლიდან დაიწყო ზეწოლა ტელეკომპანია „ობიექტივის“ მფლობელებზე. დიმიტრი ქიტოშვილმა მაშინ პირდაპირ დაიბარა ტელეკომპანიის დირექტორი მიხეილ აგლაძე კაბინეტში და უთხრა, რომ მას წილი დაეთმო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუქმნიდა ბევრ პრობლემას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინ გაგვეცინა, რადგან ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასე წაართმევდნენ ტელეარხებს ლიცენზიებს. დაიწყო პერმანენტული ზეწოლა, მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე, ჩვენი დირექტორი სასტიკად ცემეს. ბოლოს ტელევიზიის წილის 50% გადაიფორმა დავით კაკაურიძემ, შემდეგ მან აჩუქა ჭარხალაშვილს, ჭარხალაშვილმა აჩუქა კვირიკაშვილს და კვირიკაშვილმა აჩუქა სახელმწიფოს. არ მაქვს მოლოდინი, რომ მაინცდამაინც დაგვიბრუნებენ ამ ლიცენზიას, მაგრამ არ მეწყინებოდა, თუ სხვა ლიცენზიას მოგვცემენ“.

 

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ „ობიექტივის“ ისტორია იმ ყველაფერს ირეკლავს, რაც წინა ხელისუფლების დროს მედიასივრცეში ხდებოდა:

 

„თავისთავად ამბავი იმის შესახებ, რომ მართალს ამბობს “ობიექტივი” თუ არა, ძალიან მარტივი დოკუმენტით დასტურდება. როდესაც 2008 წლის 8 თებერვალს დირექტორი მარეგულირებელ კომისიას მიმართვს და ეუბნება, რომ მას არ უნდა სიხშირე, რომელსაც ფლობს და საერთოდ აღარ აპირებს ჰქონდეს ტელევიზია და სახელმწიფოს უბრუნებს სიხშირეს. ამ პირობებში 20 თებერვალს ახალი მესაკუთრე ჩნდება. მარტივი კითხვა უნდა დაგვებადოს, რა ინტერესი ჰქონდა ამ ბატონ კვირიკაშვილს, ეყიდა ტელევიზია, რომელიც უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი