საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: ირაკლი აბაშიძემ, თამაზ ავდალიანმა, გიორგი კახიანმა, “ნეტგაზეთს” კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, რომ კანონი, რომლითაც ეს საკითხები რეგულირდება, არ ახსოვთ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია ქუცნაშვილი კი მიიჩნევს, რომ პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი “საჩუქრებზე გადარეულები არ არიან”:
“ამ შემთხვევაში არის სუფთა ადამიანური ფაქტორი, მეტი არაფერი. ვერავინ ვერ დასწამებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ან მის უწმინდესობას, რომ ისინი საჩუქრებზე და ქონებაზე არიან გადარეულები. ერთს აქვს უზარმაზარი აღიარება, როგორც სულიერ ლიდერს, ხოლო მეორეს აქვს უზარმაზარი აღიარება, როგორც ეროვნულ ლიდერს და ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და წარმატებულ ადამიანს. ასე რომ, მათი საჩუქრებით გაკვირვება, არა მგონია, რომ ლოგიკური იყოს და ვინმეს სჯეროდეს.”
კითხვაზე, დაარღვია თუ არა პრემიერ-მინისტრმა კანონი, როცა საჩუქარი აიღო და უნდა დააბრუნოს თუ არა ის, ქუცნაშვილი პასუხობს:
„არა. ამ შემთხვევაში კანონის პროცედურები არის ასეთი, რომ თუ საჯარო საქმიანობის გამო აიღო მან ეს საჩუქარი, მას წარმოეშვება ვალდებულება, რომ ეს ან გამჩუქებელს დაუბრუნოს, ან გადასცეს რომელიმე საჯარო დაწესებულებას. ასე რომ, ამ შემთხვევაში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.“
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, თამარ კორძაიას თქმით, თუ პატრიარქის მიერ ივანიშვილისთვის ნაჩუქარი საათის ღირებულება აღემატება კანონით განსაზღვრულ ნორმას, მას ამ საჩუქრის დატოვების უფლება არ აქვს:
“ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მეხუთე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს. ეს კანონი ვრცელდება პრემიერ- მინისტრზე. პატრიარქის მიერ მისთვის ნაჩუქარი საჩუქრის ღირებულება თუ აღემატება მისი თანამდებობრივი სარგოს 5%-ს, მაშინ მას ასეთი საჩუქრის დატოვების უფლება არ აქვს.”
მისივე განმარტებით, საჩუქრის აღების აქტი იმთავითვე დანაშაული არ არის:
“ადამიანს, რომელმაც საჩუქარი მიიღო, ვერ მოვთხოვთ, რომ იმ წუთში მოახდინოს საჩუქრის შეფასება. ეს შეუძლებელია, იმიტომაც ადგენს კანონი ვალდებულებას, რომ შემდეგ მოხდეს ამის შეფასება და შემდეგ უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემა.”
ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტომასალაში ნათლად ჩანს, თუ რა ფირმის საათი აჩუქა პატრიარქმა პრემიერს. ეს არის ბრენდ “ULYSSE NARDIN”-ის საათი. Ulysse Nardin-ი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც უკვე 165 წელია, რაც მექანიკურ საათებს აწარმოებს. ჟურნალ “Watchtime”-ის მიხედვით, Ulysse Nardin–ი საათების რამდენიმე სერიას აწარმოებს, მათ შორის ერთ–ერთია – Marine Collection–ის სერია. პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საათი სწორედ ამ სერიის პროდუქტია.
Marine Collection–ის კიდევ უფრო ვიწრო მიმართულებაა The Marine Chronometer Manufacture, რომელიც ხელმისაწვდომია სამი სახით: 1. შეზღუდული გამოშვება საათებისა (350 ტირაჟით) ოქროს ნაწილებით, რომლის ფასი არის $38,600 , შეუზღუდავი გამოშვება ორფერიანი ტიტანიუმის მასალით, ოქროთი დამზადებული მასალითა და ოქროს მოსამართით, რომლის ფასია $17.800 და უჟანგავი რკინით/ტიტანიუმით დამზადებული ციფერბლატი, რომლის ფასი არის $10,400.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდის აპირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატრიარქისგან მიღებული საათის, როგორც აკრძალული საჩუქრის, საფინანსო სააგენტოსთვის გადაცემას, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:
“ეს საკითხი არ უნდა გაინტერესებდეთ, ჩვენ არასდროს კანონის წინააღმდეგ არ ვიქცევით, არც მე და არ მისი უწმინდესობა. თუ ამის საჭიროება იქნება, ყველაფერს ისე გავაკეთებ, მაგრამ ამ თემის წამოწევა ცოტა უხერხულია. ძალიან ინტიმური საღამო გვქონდა მის უწმინდესობასთან, ოჯახთან დავპატიჟე, საჩუქრები გავაკეთეთ ორივე მხრიდან და ეს იყო ნორმალური. მე მგონი, ასეთი კუთხით წაყვანა ამ საკითხის არ არის ნორმალური. ძალიან გთხოვდით, რომ უფრო ლამაზად, უფრო ფაქიზად მოეკიდოთ. ჩვენ კანონი არასდროს დაგვირღვევია, ვინც არღვევდა კანონს, კი არ არღვევდა, თელავდნენ, ახლა რომ გინდათ კანონის დარღვევაში გაგვაფრთხილოთ, ცოტა უხერხულია”.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



