ახალი ამბები

ცნობილი საქმეები, როცა თურქეთს “გიულენისტების” ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარით უპასუხეს

22 თებერვალი, 2018 • 2841
ცნობილი საქმეები, როცა თურქეთს “გიულენისტების” ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარით უპასუხეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხი გასული თვეების მანძილზე ქართული მედიისა და საზოგადოებისთვის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი სასამართლომ 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მისი ანკარასთვის გადაცემის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საქმის სასამართლოში განხილვა წინაა, თუმცა პროცესის თარიღი არ ჩანიშნულა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელთა გადაცემაც თურქეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა ქვეყნებს 2016 წლის ივლისში განხორციელებული გადატრიალების მცდელობის შემდეგ მოსთხოვა. ყველა მათგანის შემთხვევაში ბრალდება იდენტურია – კავშირი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთიულაჰ გიულენთან და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებულ “FETO”-სთან.

რიგ შემთხვევებში, ტერორიზმის მოკავშირეებად გამოცხადებული ადამიანები თურქეთის ხელისუფლებას გადასცეს, თუმცა იყო არაერთი შემთხვევა, როცა შესაბამისი სახელმწიფოს სასამართლომ პირის ექსტრადირება არასამართლებრივად მიიჩნია. “ნეტგაზეთი” რამდენიმე გახმაურებულ საქმეს წარმოგიდგენთ.

“ციხეები სავსეა” – დიდი ბრიტანეთის უარი თურქეთს

ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელსაც თურქეთის ხელისუფლებამ თურქი ბიზნესმენებისა და აქტივისტების გადაცემა სთხოვა, დიდი ბრიტანეთი იყო. საკითხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 2017 წლის ნოემბერში, ლონდონში, ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც დააყენა. ერდოღანის მრჩეველი იოზლემ ზენგინი “გარდიანთან” ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ გიულენის მომხრეებს “შესაძლოა ბრიტანეთთან დაკავშირებით 100-წლიანი გეგმა ჰქონდეთ და თუ საფრთხეში ამჟამად თურქეთია, ხვალ შეიძლება მის ადგილას ბრიტანეთი აღმოჩნდეს”.

თურქეთის მხარის თხოვნას ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ უარით უპასუხა. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეებმა, მათი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპებით იხელმძღვანელეს. მათი განმარტებით, ბიზნესმენებისა და აქტივისტების თურქეთისთვის გადაცემისა და მათი იქაურ ციხეში ჩასმის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა აღმოჩენილიყვნენ მძიმე პირობებში, სადაც ვერ ისარგებლებდნენ სამედიცინო სერვისებით და თვითმკვლელობის რისკის ქვეშ დადგებოდნენ. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო თურქეთის საპყრობილეების განსაკუთრებული გადატვირთულობა და ძალადობის რისკი სხვა პატიმრების მხრიდან, რომელზეც სასამართლოს განმარტებით მცველები სათანადო რეაგირებას ვერ მოახდენდნენ.

დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომ საქმე თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობის მანიშნებელია.

8 ოფიცრის ისტორია – დაძაბულობა ათენსა და ანკარას შორის

ექსტრადიციის მოთხოვნა ანკარამ მეზობელ ათენსაც გაუგზავნა, თანაც გადატრიალების მცდელობიდან მეორე დღესვე. საქმე რვა ოფიცერს ეხებოდა, რომლებმაც 16 ივლისს ვერტმფრენით დატოვეს თურქეთი, საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე დაეშვნენ და ქვეყნის მთავრობას თავშესაფარი სთხოვეს. მათი თქმით, გადატრიალების შესახებ არაფერი იცოდნენ და ვერტმფრენით ერთ-ერთ მორიგ ბრძანებას ასრულებდნენ, როცა სტამბოლსა და ანკარაში განვითარებული მოვლენების შესახებ შეიტყვეს. მათივე თქმით, მიიღეს ინფორმაცია, რომ თურქეთში დარჩენის შემთხვევაში მათი დაკავება იგეგმებოდა, რის გამოც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ ოფიცრებს ანკარას მალე დაუბრუნებდნენ. თუმცა მოლოდინი მისმა ბერძენმა კოლეგამ გააქარწყლა: საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საბერძნეთის კანონმდებლობის შესაბამისად იქნებოდა მიღებული.

საბოლოოდ, 2017 წლის 26 იანვარს, ანკარამ მოთხოვნაზე უარი მიიღო: საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით, პირი სხვა ქვეყნისთვის გადაცემას არ ექვემდებარება, თუ მას იქ გარკვეული საფრთხე ელის. ოფიცრებმა ქვეყანაში თავშესაფარი მიიღეს.

პოლიციას თურქეთიდან წამოსული ოფიცრები სასამართლოს შენობაში გადაყავს. 26.01.17 ფოტო: EPA/ ORESTIS PANAGIOTOU

პოლიციას თურქეთიდან წამოსული ოფიცრები სასამართლოს შენობაში გადაყავს. 26.01.17 ფოტო: EPA/ ORESTIS PANAGIOTOU

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ანკარას უკმაყოფილება მოჰყვა.

“საბერძნეთი, თურქეთის მოკავშირე და მეზობელი, თავს იკავებს, მინიმალური წვლილი მაინც შეიტანოს ტერორიზმთან ბრძოლაში”, – აღნიშნული იყო თურქეთის მთავრობის განცხადებაში.

ანკარის აღშფოთების ფონზე მთავრობამ სასამართლოს ვეტმფრენის პილოტისთვის თავშესაფრის მოხსნის თხოვნით მიმართა. მოთხოვნა 2018 წლის 8 იანვარს დაკმაყოფილდა, თუმცა ოფიცერი თურქეთისთვის ჯერ არ გადაუციათ.

ერდოღანის ხელისუფლებისთვის ოფიცრების გადაცემას საბერძნეთში არაერთი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადოების სხვა წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა.

კოსოვოს უარი თურქეთის მოთხოვნას “არასაკმარისი მტკიცებულებების გამო”

2017 წლის მიწურულს თურქეთის მოქალაქის ექსტრადირებაზე უარი ოფიციალურ ანკარას კოსოვომაც უთხრა. სხვების მსგავსად, ერდოღანის ხელისუფლება უღურ თოსქოის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას ედავებოდა. მანამდე ის კოსოვოს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, რომელიც ფეთიულაჰ გიულენთანაა კავშირში.

უღურ თოსქოი სასამართლო პროცესზე. ფოტო: Reuters

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პროკურორმა აღნიშნა, რომ თურქულ მხარეს მოქალაქის დანაშაულის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები სთხოვა, რომლებიც ვერ მიიღო. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ანკარა მტკიცებულებებს გადააგზავნის, საქმის წარმოება განახლდება.

კოსოვომ თურქეთს უარი ფეთიულაჰ გიულენთან დაკავშირებული სკოლების დახურვაზეც უთხრა.

გიულენი აშშ-ში რჩება

ზემოთ ჩამოთვლილ მოქალაქეებთან ერთად, თურქეთში არც მთავარი ეჭვმიტანილი – მქადაგებელი ფეთიულაჰ გიულენი იმყოფება. ის აშშ-ს შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს. როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრი გასული წლის ნოემბრის ბოლოს აცხადებდა, გიულენის გადაცემის მოთხოვნით თურქულმა მხარემ აშშ-ს შვიდჯერ მიმართა, თუმცა ექსტრადიციის პროცედურა ამ დრომდე არ დაწყებულა.

გასული წლის ივლისში, გადატრიალების მცდელობიდან ერთი წლის თავზე “Reuters”-სთვის მიცემულ ინტერვიუში გიულენმა აღნიშნა, რომ დაემორჩილება ვაშინგტონს, თუ ის მის ექსტრადიციას გადაწყვეტს, თუმცა ამის საფუძველს ვერ ხედავს.

ფეთიულაჰ გიულენი

აშშ-ს ოფიციალური პირების მხრიდან პროცესის მსვლელობაზე განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. ამ ფონზე, ინტენსიურად ისმის განცხადებები თურქეთის მთავრობის მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ ვაშინგტონს უკვე საკმარისი მტკიცებულება გადაეგზავნა 79 წლის მქადაგებლის ექსტრადიციის პროცედურის დასაწყებად.

თურქეთში გადატრიალების მცდელობას ადგილი 2016 წლის 15 ივლისს ჰქონდა. ხელისუფლების მტკიცებით, მის უკან სწორედ ფეთიულაჰ გიულენი და მისი ორგანიზაცია იდგნენ. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფდა. ივლისის მოვლენების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 50 000 ადამიანი დააპატიმრეს, 150 000 კი – სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, მასწავლებლები, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები და ა.შ. ამ ხნის მანძილზე, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერდოღანის მთავრობა ადამიანის უფლებათა ხელყოფისათვის არაერთგზის გააკრიტიკეს.

საპასუხოდ, თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ პროცესები ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება. CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილთა განეიტრალება მთავრობის პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რათა მორიგი გადატრიალება თავიდან აიცილოს.


გირჩევთ:

ჩაბუქი თავისუფალია, თუმცა თურქეთს შესაძლოა მაინც გადასცენ

“ვერ ვიტყვი, რომ დაცულად ვგრძნობ თავს” – ინტერვიუ ჩაბუქთან

ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი