ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საზღვრებს მიღმა – სამხრეთ კავკასია უცხოელი ავტორების თვალით

21 თებერვალი, 2018 •
საზღვრებს მიღმა – სამხრეთ კავკასია უცხოელი ავტორების თვალით

“საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში” – ასე ჰქვია სამეცნიერო სტატიების კრებულს, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ გერმანულ სამეცნიერო ჟურნალ Osteuropa-სთან თანამშრომლობით გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა.

პუბლიკაცია ქართულენოვან მკითხველს თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე წარუდგინეს.

ფოტო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

სამხრეთ კავკასიის შესახებ სამეცნიერო ანალიტიკური სტატიები, რომლებიც ევროპული აუდიტორიისთვის იყო გათვლილი, 2015 წელს გერმანულმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa-მ გერმანულ ენაზე ალმანახად გამოსცა. გამოცემა 36 სტატიას აერთიანებს. პუბლიკაციის აქტუალურობიდან გამომდინარე გადაწყდა თხუთმეტი სტატიის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.

იდენტობა და საზოგადოება, სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება, რეგიონის საგარეო და ენერგეტიკული პოლიტიკა, ეს ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაცაა ავტორების სამეცნიერო სტატიები და სხვადასხვა პერსპექტივით აფასებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარებას.

“ერთი მხრივ, შევეცადეთ, ის სტატიები გვეთარგმნა ქართულ ენაზე, რომლებიც საქართველოს ეხებოდა, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ რადგან ქართველი მკითხველი ძალიან მწირად არის ინფორმირებული, თუ რა ვითარებაა უახლოეს სამეზობლოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, გადავწყვიტეთ, რომ ეს ფოკუსიც შეგვეთავაზებინა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, როგორც მწვანე პოლიტიკური ფონდის საქმიანობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებაზეა მიმართული. შესაბამისად, ისეთი პუბლიკაციები, რომლებსაც ბიოლის ფონდი საქართველოში გამოსცემს, ხელს უწყობს ამ პოლიტიკური სივრცის გამრავალფეროვნებას. ეს შეიძლება იყოს როგორც სამეცნიერო ნაშრომები, ასევე შედარებით უფრო გამოყენებითი კვლევები”,- ამბობს ნინო ლეჟავა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი.

ქართულ ენაზე ნათარგმნ მასალებს შორის გვხვდება სტატიებიც თურქეთისა და რუსეთის როლზე კავკასიაში, ასევე, რეგიონში დე ფაქტო რესპუბლიკების შესახებ.

სტატიის ავტორებს შორის ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგი უვე ჰალბახია, რომელიც გერმანიაში სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებს იკვლევს.

“ვთარგმნეთ მხოლოდ უცხოელი ავტორები, რადგან ვფიქრობთ, რომ ქართველ ავტორებს ქართველი მკითხველი უფრო ადვილად გაეცნობა – ვვარაუდობთ, რომ ისინი საქართველოშიც აქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებს. ქართველი მკითხველისთვის კი, გერმანული ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამიტომ სწორედ მათი ნაშრომები ვთარგმნეთ იმისთვის, რომ გაგვემრავალფეროვნებინა ე.წ. რეგიონული კვლევების სფერო. ამასთანავე, ამ გამოცემით ხელს ვუწყობთ ქართული სამეცნიერო ენის განვითარებას”.

სამხრეთ კავკასიის შესახებ სამეცნიერო სტატიების მშობლიურ ენაზე გაცნობის საშუალება ამ ეტაპზე მხოლოდ ქართულენოვან მკითხველს მიეცა.

“სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს რესურსები საკმაოდ მწირია. თან ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური თარგმანი, ის ასევე საჭიროებს სამეცნიერო რედაქციას. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ, ვარჩიეთ, მხოლოდ საქართველოში გამოგვექვეყნებინა ეს კრებული”, – ამბობს ნინო ლეჟავა.

კითხვაზე, რამდენად აქტუალურია დღეს გერმანული საზოგადოებისთვის სამხრეთ კავკასია, კონკრეტულად კი, საქართველო, ამასთან დაკავშირებით ნინო ლეჟავა ფიქრობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს დინამიკა გაუმჯობესებულია.

“90-იან წლებში, როდესაც მე თვითონ სტუდენტი ვიყავი, გერმანიაში საქართველოს მხოლოდ შევარდნაძის და სტალინის სახელით იცნობდნენ. ამას 90-იანების ბოლოსკენ ქართველი ფეხბურთელების სახელიც დაემატა, რისთვისაც პირადად მე ძალიან მადლიერი ვიყავი ქართველი სპორტსმენებისა. შედარებით უფრო უფროსი თაობის ვიწრო წრეებში იცნობენ ქართველი მოჭადრაკე ქალებისა და კინემატოგრაფიის სკოლას. განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ფოკუსი ნელ-ნელა უფრო ფართოვდებოდა. სამწუხაროდ, საქართველო მაინც უფრო პოლიტიკური არასტაბილურობისა და დემოკრატიზაციის პრობლემების გამო ხვდებოდა ხოლმე საინფორმაციო ველში. განსაკუთრებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდა ეს ფოკუსი. დიდი იმედი მაქვს, საომარი და არასტაბილურობის კონტექსტიდან საქართველო შეძლებს გამოსვლას უფრო მშვიდობიან და კულტურულად საინტერესო სივრცეში. ამას უდავოდ შეუწყობს ხელს საქართველოს წლევანდელი სტუმარი ქვეყნის სტატუსი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ამ მოვლენისთვის ჩვენ ასევე საგანგებოდ ვამზადებთ ქართველი ავტორების ესეების კრებულს”.

ნინო ლეჟავა საუბრობს Osteuropa-სა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანამშრომლობის შესახებ; ფოტო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

მასალების გადაბეჭდვის წესი