ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიას ეწვევა

13 ოქტომბერი, 2025 •
ეუთოს თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიას ეწვევა

ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, 13-15 ოქტომბერს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.

ელინა ვალტონენი შეხვდება ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.

ეუთოს განცხადების მიხედვით, საქართველოში შეხვედრები ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილებული იქნება ეუთოს მიერ 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგში იქნება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება ეუთოს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე გამახვილდება.

ეუთოს ვებ-გვერდის ცნობით, ფინეთი, როგორც ეუთოს 2025 წლის თავმჯდომარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში ხაზგასმული იქნება.

ავტორი: ნინა სიგუა

მასალების გადაბეჭდვის წესი