„თქვენ გყავთ ძალები აქ, რომლებიც ხუთჯვრიან დროშას ებრძვიან, როგორ არ ებრძვიან, ძალიან კარგად ებრძვიან ხუთჯვრიან დროშას. ტელევიზორს უყურებთ?! რომ იძახით, ჭელაში მინარეთიო, ვის უნდოდა 4 მინარეთის მიშენება, ხომ არ იცით შემთხვევით?! საქართველოს მთავრობას, უკაცრავად. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა დაიჯერებთ ტყუილებს ჩვენზე, კარგად მოიკითხეთ რა გეგმები აქვთ – 4 მინარეთის აშენება უნდოდათ“, – სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, განაცხადა პრეზიდენტმა.
‘სამხრეთის კარიბჭის’ ინფორმაციითვე, პრეზიდენტი ახალციხეს დღეს, 16 სექტემბერს დილიდან ეწვია. მან ქალაქში ვანო მერაბიშვილის ოჯახი მოინახულა. იგი ახალქალაშიც ჩავიდა და ოვანეს თუმანიანის სახელობის მესამე, სომხურენოვან საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სააკაშვილმა სასტუმრო „ლომსიაში“ სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულთან, ივანე წიკლაურთან ერთადაც ისადილა. სწორედ აღნიშნული სასტუმროს დატოვების შემდეგ მოხდა მასსა და ახალციხის მკვიდრ ბეჟან კაჭკაჭიშვილს შორის ზემოხსენებული შელაპარაკება.
