ახალი ამბები

ფლობენ თუ არა GNCC-ის წევრები შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომებს – მხარეების განმარტებები

20 თებერვალი, 2018 •
ფლობენ თუ არა GNCC-ის წევრები შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომებს – მხარეების განმარტებები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიცრუეს უწოდებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ იანვარში გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ GNCC-ის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მსგავსად, ვერც კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასამთავობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების დაუყოვნებლივ უარყოფას და წაშლას მოითხოვს, ხოლო TI აცხადებს, რომ თსუ-მ და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პოზიციები მას შემდეგ შეცვალეს, რაც კახა ბექაურისა და მერაბ ქათამაძის დიპლომების შესახებ მათ მიერვე გაგზავნილი ინფორმაცია გასაჯაროვდა.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმართეს და აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლა მოითხოვეს, ხოლო საპასუხოდ 15 თებერვალს მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილი, სადაც ნათქვამია:

“მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით “მართვის ავტომატიზებული სისტემები”, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით.”

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მესამე ნაწილზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, “თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით”.

კომისია ასევე მიუთითებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის თანახმადაც “პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში”.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ასევე თხოვნით მიმართავს იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც “საერთაშორისო გამჭვრირვალობა – საქართველოს” განცხადება გაავრცელეს, მათ შორის, ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთსაც”.

ნეტგაზეთმა საპასუხო კომენტარისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 25 იანვარსვე მიმართა, თუმცა მაშინ GNCC-ში განგვიცხადეს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” არაკვალიფიციურ დასკვნებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ თვლიდნენ.

კომისიის დღევანდელ განცხადებას უკვე გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი წევრების დიპლომების კანონით დადგენილ საგანმანათლებლო- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე ორი უმაღლესი სასწავლებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პოზიციის შეცვლა კითხვებს ბადებს.

TI-იმ 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა ორი კვლევა, სადაც საუბარი იყო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, არც კომისიის კიდევ ერთი წევრის, მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდებოდა კანონით დადგენილ საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ორგანიზაციის განცხადევბით, აღნიშნული დასკვნები კახა ბექაურის შემთხვევაში, მთლიანად ეფუძნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) მიღებულ ოფიციალურ წერილს, ხოლო მერაბ ქათამაძის შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან (სტუ) მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია უნივერსიტეტებიდან გამოითხოვეს და ორივე შემთხვევაში დიპლომები პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, კომისიის წევრების იდენტიფიცირების გარეშე, დაშტრიხული ფორმით მიაწოდა. TI-ის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლებიდან ერთგვაროვანი პასუხები მიიღეს, რომ არცერთი დიპლომი არ აკმაყოფილებდა თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია კონკრეტული კომისიის წევრების მითითებით გასაჯაროვდა, TI-ის განცხადებით, ორივე უნივერსიტეტმა მათი პირველადი ოფიციალური პოზიცია შეცვალა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, ეს ძალიან საეჭვო ტენდენციაზე მიუთითებს და ტოვებს შთაბეჭდილებას გარედან შესაძლო ჩარევის შესახებ.

“ამ ვითარებაში, 20 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა მერაბ ქათამაძის დიპლომთან დაკავშირებული განცხადება, სადაც მოგვმართავს, „დაუყოვნებლივ“ უარვყოთ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეფუძნებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცერექტორ ლ. კლიმიაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მერაბ ქათამაძისთვის 1981 წელს გაცემული დიპლომი, სპეციალობით “მართვის ავტომატიზებული სისტემები”, ინჟინერ-სისტემოტექინკოსის კვალიფიკაციით (სწავლის პერიოდი 1975-1981) არ უთანაბრდება კომისიის წევრისთვის კანონმდებლობით ჩამოთვლილ (ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის) აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს.

ამ ინფორმაციის გასაბათილებლად კომისია ასაჯაროებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის მიერ ხელმოწერილ, 15 თებერვლით დათარიღებულ ახალ წერილს, სადაც პოზიცია შეცვლილია და ნათქვამია, რომ “მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით.”

კახა ბექაურის შემთხვევაში კი, თსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ირინე დარჩია აცხადებს, რომ “თსუ-ის პოზიცია საკითხის სიღრმისეულად შესწავლის” შემდეგ შეიცვალა და კახა ბექაურის დიპლომი კანონით დადგენილ საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ირინე დარჩია ცოტა ხნით ადრე საპირისპიროს ამტკიცებდა,” – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დროის მოკლე პერიოდში შეცვლილი პოზიციები უარყოფითად მოქმედებს სასწავლებებლების რეპუტაციასა და პროფესიონალიზმზე როგორც ადგილობრივი საზოგადოების, ასევე უცხოელი პარტნიორების თვალში და კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობისა და მათ საქმიანობაში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით:

TI საქართველო მოუწოდებს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, საჯაროდ განმარტონ, თუ რატომ კეთდება ერთსა და იმავე დოკუმენტთან დაკავშირებით, დროის მცირე პერიოდში, განსხვავებული განმარტებები. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს განათლების სამინისტროს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად პროფესიულად და ობიექტურად მოხდა უმაღლესი სასწავლებლების მიერ კომისიის წევრების დიპლომების შესწავლა; რამ განაპირობა მათი პოზიციების დროის მცირე მონაკვეთში ცვლილება; ადგილი ხომ არ ჰქონდა მათ საქმიანობაში ჩარევას პოზიციის შესაძლო შეცვლის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი