“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მსგავსად, ვერც კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ნეტგაზეთმა კომენტარისთის კომისიას მიმართა, სადაც განგვიცხადეს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის არაკვალიფიციურ დასკვნებზე კომენტარის გაკეთებას კომისია საჭიროდ არ თვლის”.
როგორც TI წერს, მერაბ ქათამაძის დიპლომი არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს. ისინი მერაბ ქათამაძეს მოუწოდებენ, რომ გადადგეს თანამდებობიდან, ვინაიდან მნიშვნელოვანია, კომისიაში შესაბამისი კვალიფიკაციის პირები საქმიანობდნენ.
“მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: “ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”. ქათამაძემ 1981 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაასრულა, სპეციალობა – მართვის ავტომატიზებული სისტემები, კვალიფიკაცია – ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად დგინდება, რომ მერაბ ქათამაძის დიპლომი არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს,”- აცხადებს ორგანიზაცია.
მათივე განცხადებით, არც პრეზიდენტმა, არც მთავრობამ და არც პარლამენტმა არ გადაამოწმეს, თუ რამდენად შეესაბამებოდა ქათამაძის დიპლომი კანონის მოთხოვნებს და პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.
“აღნიშნული კვლევა წარმოაჩენს ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ხელისუფლების მხრიდან მოკვლევის საგანი უნდა გახდეს,”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.
მათივე განცხადებით, სამომავლოდ მსგავსი კაზუსების თავიდან აცილების მიზნით, გამოდიან ინიციატივით, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თუ კომისიის წევრები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ეს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდეს.
რამდენიმე კვირის წინ ორგანიზაციამ ასვეე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის კვალიფიკაციაც არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას. კახა ბექაურმა ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფიგი გამართა და”საერთაშორისო გამჭვირვალობას” არაკვალიფიციური უწოდა.