ახალი ამბები

ბექაური TI-ის არაკვალიფიციურს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დიპლომი მოთხოვნებს შეესაბამება

12 დეკემბერი, 2017 • 2603
ბექაური TI-ის არაკვალიფიციურს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დიპლომი მოთხოვნებს შეესაბამება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური “არაკვალიფიციურს” უწოდებს TI-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას,  რომლის მიხედვით, მისი დიპლომი არ შეესაბამება კომისიის წევრობის მოთხოვნებს. ამის შესახებ ბექაურმა განცხადება 12 დეკემბერს გააკეთა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” გარდა, მან გააკრიტიკა “რუსთავი 2-იც”, რომელმაც სიუჟეტი მოამზადა TI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით.

ბექაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომისიის წევრის თანამდებობაზე “სრულად კანონის დაცვით აირჩიეს” .

მან გამარტა, რომ 1986-1992 წლებში მართლაც დაამთავრა თსუ-ს კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით  – ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: “ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”. TI აცხადებს, რომ ბექაურის დიპლომი ამ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რაც მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი უნდა გახდეს.

ბექაურის განცხადებით, TI-ის დასკვნები არაკვალიფიციურია, ვინაიდან ისინი არ გსცნობიან, რას ითვალისწინებს კიბერნეტიკა.

“არჩევის დროს კანონთან შესაბამისობა საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და მთავრობამ, ისევე როგორც ჩემი, სხვა წევრების კვალიფიკაცია გამოიკვლია და კანონთან შესაბამისობა დაადგინა…

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2005 წლის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტის 22 ფაკულტეტი 6 ფაკულტეტად გაერთიანდა, ჩამოყალიბდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კიბერნეტიკის პროგრამაც, რომელიც დღეს ელქტრონულ კოუნიკაციებსა და ქსელებს მოიცავს, ადრინდელი პროგრამის ანალოგია.

პრესკონფერენციაზე ბექაურმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ “კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს”.

“უფრო მეტი ანალიზი რომ გაეკეთებინა “საერთაშორისო გამჭვირვალობას”, ეს კითხვები საერთოდ არ დაიბადებოდა. რომ დაეგუგლა ან ვიკიპედიაში ენახა, სიტყვა კიბერნეტიკა რას ნიშნავს, იქვე ნახავდა პირველივე განმარტებით, რომ კიბერნეტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის მონაცემების გადამუშავებას, გადაცემას და შენახვას,”- განაცხადა ბექაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი