“ისევ ზარია და გვიწევს ევაკუაცია, ვცდილობთ, რომ ეთერიდან არ გავიდეთ. ისევ ალტერნატიული სტუდიიდან გავაგრძელებთ “პოსტსკრიპტუმს”. პატრული მოვიდა, პატრული თავის საქმეს აკეთებს და, ბუნებრივია, უნდა დავემერჩილოთ. ველოდებით გამნაღმველ ბრიგადას”– განუცხადა “ნეტგაზეთს” არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.
ამ წუთებში გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” წამყვანმა, დავით კიკალიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ეთერს სათადარიგო სტუდიიდან აგრძელებს.
“რუსთავი 2″–ში თანამშრომლების ევაკუაცია იმავე მიზეზით 12 სექტემბერსაც გახდა აუცილებელი, თუმცა ბომბის არსებობა შენობაში არ დადასტურდა.
12 სექტემბერს 112–ში ასევე შევიდა შეტყობინება ტელეკომპანია “იმედში” ბომბის არსებობის შესახებ. “იმედთან” დაკავშირებით 2 ზარი დაფიქსირდა. “რუსთავი 2″–ის მსგავსად ბომბის არსებობა არც ტელეკომპანია “იმედში” დადასტურდა.
12 სექტემბერსვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის შენობაში ნაღმის თაობაზე განხორციელებული ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა. შსს–ს ინფორმაციით, ასევე დადგენილია ის პირი, რომელმაც ასეთივე შეტყობინებით ტელეკომპანია “იმედში” დარეკა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ში და ტელეკომპანია “იმედში” ნაღმის არსებობის თაობაზე ერთსა და იმავე პირს არ დაურეკავს.
“ეს არის ორი სხვადასხვა პირი, ორივეს ვინაობა დადგენილია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებულია მხოლოდ “რუსთავი 2″–თან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი”, – აცხადებენ შსს–ში.
შსს–ს ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედში” შესული ორი ზარი სხვადასხვა პირმა განახორციელა. 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, ხოლო 2002 წელს დაბადებულმა, ცრუ შეტყობინების ავტორმა, რომელიც მშობლებთან ერთად დაიკითხა, სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.
ცრუ შეტყობინების სიხშირის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა:
“ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ანონიმური ცრუ შეტყობინებები სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის შესახებ, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობაში სტრესს იწვევს და სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ორგანიზაციებს. შსს მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას. სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომლის ინიცირებასაც პარლამენტარებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში გეგმავს.”
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში, რომელიც „ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე“ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად გამკაცრდება სასჯელის ზომა. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და, შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა. დღემდე მოქმედი კანონმდებლობა 16 წლამდე პირთა მიერ ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში სასჯელს არ ითვალისწინებდა.





