ახალი ამბები

ილია მეორე: უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა

15 სექტემბერი, 2013 • • 1160
ილია მეორე: უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა

“უფლებები კარგია და უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს ყოველმა ჩვენთაგანმა, ძალიან ხშირად ლაპარაკობენ მოსახლეობის უმცირესობის დაცვაზე, რომ უმცირესობას გააჩნია თავისი უფლებები, ძალიან იშვიათად ფიქრობს ვინმე, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა”, – განაცხადა ილია მეორემ, თუმცა ქადაგებისას არ დაუსახელებია კონკრეტული შემთხვევები. 

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განახორციელა, რამაც მუსლიმი თემის უკმაყოფილება გამოიწვია. აქციები მინარეთის დაბრუნების მოთხოვნით ჭელას გარდა გაიმართა ბათუმშიც. პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი. აქციების დროს დააკავეს 3 პირი, რომელსაც მოგვიანებით 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.

 

მოგვიანებით აქცია გამართა ჭელაში მცხოვრებმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ. მათ შეკრებაზე მეუფე იაკობმა და მიტროპოლიტმა თეოდორემ განაცხადეს, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება:

 

“კანონმა თავისი სიტყვა თქვა, უკანონოდ აშენებულს დემონტაჟი ჩაუტარდა, წაღებულ იქნა და ის არის კერძო პირის საკუთრება, ის აღარ დამონტაჟდება. დამონტაჟებით აღარ დამონტაჟდება, მაგრამ რომ არ დავუბრუნოთ კერძო მფლობელს, ეგეც არაკანონიერია”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

“დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ თავის წილხვედრ ქვეყანაში ვინმე იჩაგრებოდეს, არ დაუშვებს, რომ მართლმადიდებელი იჩაგრებოდეს თავის წილხვედრ ქვეყანაში, დამიჯერეთ. თითოეული თქვენთაგანი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი. მინდა გითხრათ, რომ თქვენმა აქ ყოფნამ ძალიან ბევრად განაპირობა ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ არ აღიმართება ეს მინარეთი და მინდა გითხრათ, რომ თქვენი იმედი გვაქვს ყოველთვის”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მიტროპოლიტმა თეოდორემ.

 

29 აგვისტოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა და მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა შეხვედრა გამართეს, მხარეები მინარეთის დასაწყობებაზე შეთანხმდენენ. 

 

განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთ ჯემალ პაქსაძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. როგორც მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, მას გულის შეტევა ჰქონდა:

 

“მთელი ამ ხნის განმავლობაში სტრესი, დამოკიდებულება, დაპირება, რომ უნდა მივიდეს მინარეთი თავის ადგილას და ა.შ. მთელმა ამ მოვლენებმა, მრევლის მღელვარებამ იმოქმედა. რა თქმა უნდა, მუფთი ამას ძალიან სერიოზულად განიცდიდა, რომ ეს საკითხი ასე ცუდად და ვანდალურად მოხდა და, შესაბამისად, მას შეექმნა პრობლემა ჯანმრთელობის”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

 

ამ დრომდე სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მინარეთი არ აღუდგენიათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი