ახალი ამბები

საქალაქო სასამართლომ ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობისაგან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

19 თებერვალი, 2018 •
საქალაქო სასამართლომ ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობისაგან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობისაგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება პირველმა ინსტანციამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, თუმცა მას წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 23 თებერვლამდე ისედაც ეწურებოდა.

ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ჩაბუქის ექსტრადიციაზე თურქეთს უარი უთხრა. პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ 19 თებერვალს, 2018 წელი © ბუბუ გვაძაბია


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხის კომენტირებისას, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი