ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კიევის სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში ექსტრადიციაზე უარი თქვა

14 თებერვალი, 2018 • 2162
კიევის სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში ექსტრადიციაზე უარი თქვა
კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის პროკურატურის საჩივარი და აზერბაიჯანში ძებნილი ჟურნალისტი ფიქრეთ ჰუსეინლის ექსტრადიციის საქმე დახურა.

ფიქრეთ ჰუსეინლი, რომელიც თანამგზავრულ ტელევიზიასთან, “თურანთან” თანამშრომლობს, ამჟამად ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეა. ჰუსეინლი იძულებული გახდა აზერბაიჯანი დაეტოვებინა, რამდენადაც ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლა იყო. ის 2017 წლის 14 ოქტომბერს კიევის აეროპორტში დააკავეს. უკრაინელმა მესაზღვრეებმა მას განუცხდეს, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცველებმა ის თაღლითობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. 17 ოქტომბერს, სასამართლო სხდომის შემდეგ, ჟურნალისტი დააკავეს, თუმცა 27 ოქტომბერს გაათავისუფლეს, რამაც უკრაინის პროკურატურის პროტესტი გამოიწვია. უწყებამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

“სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”, – აცხადებს ჰუსეინლი.

იქამდე, სანამ ჟურნალისტის საქმეს სასამართლო განიხილავდა, მას უკრაინის ტერიტორიის დატოვების უფლება არ ჰქონდა.

აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

ფიქრეთ ჰუსეინლი, ფოტო: kavkazski uzel

მასალების გადაბეჭდვის წესი