როგორც ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იგი მზად არის აღნიშნული სამაუწყებლო ლიცენზია დაიბრუნოს:

 

“მოხარული ვარ და მინდა მივულოცო “იბერია TV”- ს გულშემატკივრებს, “იბერიის” ყოფილ თანამშრომლებს, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას, რომ “იმედისა” და “იბერია TV”-ს ამჟამინდელმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება უანგაროდ დაუბრუნოს “იბერია TV”- ს კუთვნილი ლიცენზია სასამართლო მოსმენის გარეშე, რომელიც ჩანიშნულია სექტემბერში. ჩემი მხრივ, როგორც “იბერია TV”-ს კანონიერი მფლობელი, მზად ვარ “იბერია TV”- ს კუთვნილი ლიცენზიის დაუყოვნებლივ მიღებისათვის საქართველოში არსებული კანონების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანხმობით და მონაწილეობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობას მალე ექნება კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციის მიღებისა “იბერია TV”- ს სახით და “იბერია TV”- ს მომავალ ჟურნალისტებს კვლავაც ექნებათ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული მასმედიის განვითარებაში”, – ნათქვამია ოქუაშვილის განცხადებაში.

 

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მზადაა “იბერია TV”-ს ლიცენზია გადასცეს, ამასთან დაკავშირებით მათ 6 სექტემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელეს. 

 

ტელეკომპანია “იბერია”, რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია “ომეგაში” სპეცრაზმი შევიდა. „იბერიას’ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზია (№B106 ლიცენზია) ზეწოლით ჩამოერთვა და გადაეცა ტელეკომპანიას ,,აისი”, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა. “იბერიის” კუთვნილი სამაუწყებლო სიხშირის ამჟამინდელი მფლობელი ტელეკომპანია „აისი“, გიორგი არველაძის გენერალური დირექტორობის პერიოდში „იმედის“ მედიაჰოლდინგის მფლობელობაში შევიდა, ხოლო როდესაც მან “იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა, ზემოხსენებული სიხშირეც გადასცა. შესაბამისად, აღნიშნული სიხშირე “იმედის” მმართველი ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის მფლობელობაში აღმოჩნდა.

 

ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ “ომეგა ჯგუფმა” “იბერიის” სიხშრის დაბრუნებისათვის სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო და პროკურატურას, ასევე, სასამართლოს მიმართა სიხშირის დაბრუნების მოთხოვნით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *