ახალი ამბები

GPB–ის ხელმძღვანელი: ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ

10 სექტემბერი, 2013 •
GPB–ის ხელმძღვანელი: ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ

თამაზ ტყემალაძე
თამაზ ტყემალაძე

“პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე კი არ ვუთხარით უარი, მათ მოგვაწოდეს ექვსი რეკლამა, რომლებშიც იყო დარღვევა იმ კანონებისა, რომელიც მივუთითეთ. ერთადერთი რეკალამა შევარჩიეთ, რომელიც არ არღვევდა იმ წესსა და რიგს, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლობა მოითხოვს და იმ ერთ რეკლამას ვუშვებთ. დანარჩენი გააკეთონ ისე, როგორც საჭიროა.

 

ეს რეკლამა სხვისი ანტირეკლამა კი არ უნდა იყოს, თავის თავზე თქვან, რა ვაჟკაცები არიან, რა გააკეთეს და ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ. თვითონ რას აპირებენ, როგორ აპირებენ, ეს გავა, შაჰ–აბასი რომ შემოიჭრა და ერეკლე მეფე ცუდი მეფე იყო, ამაზე მე ვერ მივცემ რეკლამას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტყემალაძემ.

 

“ერთიანი ნაცონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტიამ მიმართა მაუწყებლებს, რათა მის მიერ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო უფასო რეკლამა განთავსებულიყო პოლიტიკური პარტიისათვის განკუთვნილ დროში და მიაწოდა რამდენიმე სახის სარეკლამო რგოლი. მათ შორის, სარეკლამო რგოლი, რომლის შინაარსშიც ასახული იყო  კოალცია “ქართული ოცნების” შეუსრულებელი დაპირებები.

 

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ტყემალაძის ხელმოწერით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შევიდა წერილი, რომელშიც მაუწყებელი უარს აცხადებს ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლების განთავსებაზე და ამას პოლიტიკური რეკლამის შეუსაბამობით ხსნის.

 

“ვაცხადებთ, რომ ჩვენ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აღნიშული გადაწყვეტილება აღიქმება როგორც ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის გაგრძელება, რისი გამომხატველიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის უხეში ჩარევა მაუწებლის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული უარი ხელს უშლის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვას და არ შეესაბამება დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად პრინციპებს.

 

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, გადახედოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას,  იმოქმედოს კანონის მოთხოვნების მიხედვით და არ ჩაერთოს ხელისუფლების პოლიტიკურ მანიპულაციებში”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მათთვის ჯერ არ მიუმართავს, ჯერ არ აქვთ ნანახი მაუწყებლის მიერ დაწუნებული კლიპი და, შესაბამისად, შეფასება საკითხის შესწავლის შემდეგ გაკეთდება.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური უსაფუძვლოს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის უარს “ნაციონალური მოძრაობისათვის” პოლიტიკური რეკლამის გაშვებაზე.

 

“ასეთი უარის საფუძველი არ არსებობდა როგორც მაუწყებლის შესახებ კანონით, ასევე, საარჩევნო კოდექსით, რომელიც განმარტავს, რა არის პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა. კანონი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა ეს არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ”, – აცხადებს ლელა ტალიური.

 

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამა არ არის მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ გასული რეკლამა, არამედ ეს არის ხელის შეშლის მიზნით და ვინმეს საწინააღმდეგოდ გასული რეკლამაც და, შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ ამ რეკლამას ვერ გაუშვებს მაუწყებელი, რადგან ანტირეკლამაა, მიუღებელია.

 

ლელა ტალიურის განცხადებით, მიმართვის შემდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქცია უნდა დააკისროს კანონდამრღვევს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი