სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. სასამართლოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სალომე ზურაბიშვილის სააპელაციო სარჩელი მოსამართლეთდა კოლეგიამ განიხილა შემდეგი შემადგენლობით: თეა თადაშვილი, თეა ძამისტარაშვილი და მერაბ ლომიძე.
“თუ პირს არ შეუძლია იყოს პრეზიდენტი, ის ვერ იქნება ვერც პრეზიდენტობის კანდიდატი”, – განაცხადა მოსამართლე თეა თადაშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი 3 სექტემბერს უთხრა, ორმაგი მოქალაქეობის მოტივით. მან ცესკოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
