ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

10 სექტემბერი, 2013 •
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი საკონსტიტუციო მოდელის ამოქმედებას ეხება, რაც კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ხმალაძე ამბობს, ასეთი კანონი 150 არის და მათ ნაწილს დღეს განიხილავენ:

 

“დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში გვაქვს კონსტიტუციური ცვლილების ორი კანონპროექტის განხილვა. ერთი მათგანი ეხება მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვას პარლამენტთან ურთიერთობაში. თუ ამოქმედდა ის ნორმები არჩევნების შემდეგ და თუ არ შევცვალეთ, მთავრობას ექნება შესაძლებლობა აიძულოს პარლამენტი, მიიღოს ისეთი კანონი, რომლის მიღებაც პარლამენტს არ სურს, მაგრამ უნდა მთავრობას და აიძულებს, ასე ვთქვათ, დათხოვნის მუქარით. ისეთი ვითარებაც კი შეიძლება შეიქმნას, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი იქცეს კანონად პარლამენტის მონაწილეობის გარეშე.”

 

ხმალაძის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე, ასევე, მთავრობის შემადგენლობის 1/3-ით შემცირების საკითხს და, შესაბამისად, პარლამენტი მიერ მთავრობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადების თემას განიხილავენ:

 

“თუ მთავრობა 1/3-ით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით შეიცვალა, პარლამენტის წინაშე უნდა დადგეს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი. თუ ჩვენ არ შევიტანეთ ის ცვლილებები, რასაც დღეს კომიტეტზე განვიხილავთ, მაშინ ეს უფლება პარლამენტს აღარ ექნება. პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მომენტში, როგორც უნდა ისე შეცვალოს მთავრობა და პარლამენტი ამაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.”


სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო უმრავლესობის გაზრდის საკითხსაც განიხილავენ. 


“ამჟამად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ხდება ხმათა 2/3 -ით. მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად არ მოიძებნება ქვეყანა, სადაც უფრო მაღალი კვორუმი სჭირდებოდეს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას. ამჟამად კი, კონსტიტუციაში წერია ნორმა, რომელიც ამოქმედდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის თანახმად კონსტიტუციაში ცვლილებებს ხმათა 3/4 დასჭირდება. დღეს განსახილველი კანონპროექტის თანახმად, ეს ნორმა არ უნდა ამოქმედდეს და 2/3 უნდა დარჩეს.”


საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ჩიორა თაქთაქიშვილს. მისი თქმით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ოპოზიციის ფაქტორის გამო არ ზრდის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იყოს მაქსიმალურად ჰარმონიზირებული საერთაშორისო ექსპერტებთან და ასეთი გახლავთ ვენეციის კომისია:


“ჩემი ინფორმაციით, ეს კანონპროექტები არის გაგზავნილი ვენეციის კომისიისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი დასკვნა. ყველაზე პრობლემური ამ კანონპროექტებიდან გახლავთ კვორუმის შემცირება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. აშკარა არის, რომ ხელისუფლებას არ სურს შეინარჩუნოს ის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადადგა, ეს გულისხმობს იმას, რომ ერთი პარტია, ერთი კოალიცია ვერ იქნება გადაწყვეტილების მიმღები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც კონსტიტუციით უნდა რეგულირდებოდეს. თქვენ იცით, რომ იყო არნახული ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, სწორედ იმის გამო, რომ ხმა მიეცათ ხელისუფლებისთვის მოსაწონ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მათ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მოიპოვეს, მაგრამ თუკი ცვლილება ძალაში შევა, 12 ხმით მეტი იქნება საჭირო და ნაცვლად ასისა, 112 ხმა იქნება საჭირო. ეს ნაბიჯი არის აშკარად უკანგადადგმული ჩვენი ხელისუფლებისგან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული თვალსაზრისით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი