ახალი ამბები

ვინ იზეიმა “ბათუმობა” 240 ათას ლარად

10 სექტემბერი, 2013 • 1564
ვინ იზეიმა “ბათუმობა” 240 ათას ლარად

ოფიციალური “ბათუმობა”

 

პროგრამის მიხედვით “ბათუმობაზე” 51 ღონისძიება უნდა გამართულიყო. ნაწილობრივ ან სრულად გაიმართა მხოლოდ 31, აქედან ხუთი ძეგლების ადგილმონაცვლეობა იყო. წვიმის გამო სრულად მხოლოდ შენობებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდა. ვახშმების რაოდენობა კი ორიდან ოთხამდე გაიზარდა.

ინტურისტში გამართული ვახშმისთვის 17 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან
ინტურისტში გამართული ვახშმისთვის 17 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან

“კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” ხელმძღვანელის გელა ბოლქვაძის ინფორმაციით, პირველი ვახშამი “ინტურისტებში” სამას კაცზე გაიმართა და მასზე 17 000 ლარი დაიხარჯა, მეორე ვახშამი კი “აჭარულ სახლში” 120 კაცისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც 4 530 ლარი დაჯდა. ვახშამს ბათუმთან დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები და მოსკოვიდან დაპატიჟებული ბიზნესმენები ესწრებოდნენ. “ჩაოში” კი უნივერსიტეტის პროფესორები და მათი სტუმრები ავახშმეს. 


ვახშამზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები –  ლევან ბერძენიშვილი და თინა ხიდაშელი. “ნაცმოძრაობის” წევრები, ასევე თავად-აზნაურთა გაერთიანების თავმჯდომარე და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სტუმრები დამეგობრებული მუნიციპალიტეტებიდან.


ვახშამს დაესწრნენ: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე და საჯარო მოხელეები. ასევე უნივერსიტეტის ლექტორები, მწერლები და სასულიერო პირები. 


მთლიანობაში ვახშმებისთვის 30 000 ლარი დაიხარჯა. 


გელა ბოლქვაძე ამბობს, რომ ბათუმური წარმომავლობის ცნობილი ბიზნესმენები რუსეთიდან საკუთარი სახსრებით ჩამოვიდნენ “ბათუმობაზე”. ჩვენ მათთვის სასტუმრო არ დაგვიჯავშნია, ყველა თავისი ხარჯით ჩამოვიდა. ავიაბილეთები მხოლოდ პოლონელი მომღერლის, ნატალი ლეხისთვის, ქართველი მხატვრის ლიანა ნაკაშიძისა და ვიტალი სამხარაძის ჯაზბენდის წევრებისთვის შევისყიდეთ, რაც მთლიანობაში 6 880 ლარი დაგვიჯდა. სტუმრები “ინტურისტში” განვათავსეთ”.


მოწვეული სტუმრებისთვის დაჯავშნული იყო შვიდი სასტუმრო – მათ შორის “შერატონი”, სადაც 30 ნომერი დაიჯავშნა, სასტუმროები – “ელ ბაკური” და  “ერა პალასი”, –  ამბობს გელა ბოლქვაძე. სტუმრების განთავსებისთვის სულ 49 480 ლარი დაიხარჯა. 


“ბათუმობის” კონცერტში 16 მომღერალი მონაწილეობდა. “ქართულ ხმებს” ჰონორარის სახით 17 000 ლარი გადაუხადეს. როგორც გელა ბოლქვაძე ამბობს, შეღავათიან ფასად, ანუ 16 500 ლარად დაუკრა ვიტალი სამხარაძის  ჯაზბენდმა, ტრიო “ქალაქურმა” 1250 ლარი მიიღო, დანარჩენმა შემსრულებლებმა კი 1000 ლარი და ნაკლები. ბათუმელ დიზაინერს, გოგა ნიქაბაძეს 8 000 ლარი გადაუხადეს. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჰონორარისთვის მთლიანობაში 48 565 ლარი დაიხარჯა. 


ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფაზე (სცენის, აპარატურის გამართვა) 35 440 ლარი გამოიყო, სახელმწიფო შესყიდვა “ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა” განახორციელა. ელექტრონულ ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა –  შპს “არტ-სოლანისა” და შპს “საქართველოს ხელოვნების საბჭომ”. ტენდერში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. “საქართველოს ხელოვნების  საბჭო” წელს აპრილში, თბილისში დარეგისტრირდა.


სოლიდური თანხა დაიხარჯა ბეჭდვით მომსახურებაზე – 23 359 ლარი. ორგანიზატორების თქმით, ეს თანხა ფესტივალისთვის ბუკლეტების, აფიშების, ბანერებისა და სხვა ბეჭდური მასალის დამზადებას მოხმარდა. მომსახურება შპს “პოლიგრაფ-სერვისმა” გასწია. 


მოძრავი ძეგლები და “ბათუმობა”


ოფიციალური “ბათუმობის” ნაწილში შედიოდა სკულპტურებისა და ძეგლების დადგმა-ადგილმონაცვლეობა. მაგალითად, მემედ აბაშიძის ძეგლი აბაშიძის ქუჩიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით  – ევროპის მოედნის სკვერში გადმოიტანეს, ცნობილი მფრინავის ფადიკო გოგიტიძის ბიუსტი კი – აეროპორტში. ფიროსმანის სკულპტურამ ბარათაშვილის ქუჩის სკვერიდან, მისივე სახელობის ქუჩაზე გადაინაცვლა. ბათუმის ქუჩებს შეემატა ბათუმის პირველი მერის, ლუკა ასათიანის ბიუსტიც. “ბათუმობაზე” ქალაქს გრიგოლ ვოლსკის მემორიალური დაფა და თბილისელი სკულპტორის ზაურ ჯოხაძის ნამუშევარი “ბათუმის მარგალიტი” საჯარო ბიბლიოთეკის წინ დაიდგა. 


მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლების გადაადგილებისთვის თანხა ფესტივალის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა, “ამისთვის ცალკე ბიუჯეტი იყო გამოყოფილი”, – ამბობენ მერიაში. 


ბათუმის განვითარების ფონდი


როგორც მერიაში “ბათუმობის” პროექტის განხილვაზე ითქვა, წარმატებული ბათუმელების ღონისძიებაზე მოწვევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის განვითარების ფონდის შექმნა იყო, სადაც ნებაყოფლობით შეიტანდნენ შემოწირულობებს. თანხა კი სამომავლოდ ქალაქის განვითარებას მოხმარდებოდა.


მოხერხდა თუ არა ფონდის შექმნა, ბოლომდე ცნობილი არ არის.


“როგორც ვიცი, მოსკოვში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ჯულია ხოფერიამ კონცერტის დროს განაცხადა, რომ უნდათ ასეთი ფონდის შექმნა, მაგრამ რა როგორ იქნება, ამაზე საკრებულოს ინფორმაცია არ აქვს. ეს ფონდი თუ შეიქმნება, ალბათ, ჩვენგან დამოუკიდებლად იარსებებს’’, – ამბობს საკრებულოს პრესსამსახურის  ხელმძღვანელი, გურანდა აბულაძე. 


რა ჩატარდა და რა ვერ ჩატარდა


გეგმის მიხედვით, სრულყოფილად ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი შეხვედრები და სამეცნიერო კონფერენცია. ასევე, ქართული მწერლობის უძველესი ბეჭდური გამოცემების გამოფენა, რომლის ტრანსპორტირებაზე 1410 ლარი დაიხარჯა. გაიმართა ჯაზბენდის კონცერტი და არტფესტივალი ზღვისპირა პარკში; სპექტაკლი ხელოვნების უნივერსიტეტში, ვოკალური ანსამბლის “ქართული ხმების” კონცერტი და რამდენიმე ღონისძიება ბათუმის კულტურის ცენტრში, მათ შორის საფინალო საღამო. 


დაგეგმილი აქტივობების თითქმის ნახევარზე მეტი კი არ შედგა. მიზეზად ორგანიზატორები წვიმას ასახელებენ. ჩაიშალა პროექტით გათვალისწინებული “ოქროს ფონდის” გამოფენა, რომელიც ზღვისპირა პარკის შესასვლელთან იყო დაგეგმილი. არ გამართულა სამეჯლისო ცეკვებისა და ღვინის ფესტივალი. დღესასწაულზე ვერც “ყავა ბათუმურად” მოხარშეს, რადგან ამის სპეციალისტი ქალაქში ვერ აღმოაჩინეს. რაც შეეხება ნაყინისა და ლუდის ფესტივალს, რომელიც მეწარმეებმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყვეს, ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვა იყო, ინოვაციის გარეშე. მენაყინეებმაც ნაყინი ევროპის მოედანზე განთავსებული მაცივრებიდან კომერციულ ფასად გაყიდეს. იგივე მოხდა ლუდთან დაკავშირებითაც. წვიმის გამო ჩაიშალა ევროპის მოედანზე დაგეგმილი ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. 


ფესტივალის მეორე დღეს დაგეგმილი ფოტოგამოფენა კი, მხოლოდ ერთი ბათუმელი ფოტოგრაფის გიზო ჩიგოგიძის ნამუშევრების გამოფენით შემოიფარგლა. რამდენიმე წუთს გაგრძელდა “ვარდების ბაღში” დაგეგმილი ბათუმელი მხატვრების გამოფენაც. დამთვალიერებელთა სიმცირისა და წვიმის გამო გამოფენა მალე დასრულდა. ჩაიშალა ავიამოდელების გამოფენა და ძაღლების კონკურსი. 


ბათუმელებმა ვერ იხილეს პეტრას ციხეზე დაგეგმილი თითების თეატრის წარმოდგენაც, რომელსაც ნახატების აუქციონი უნდა მოჰყოლოდა. თითების თეატრის წარმოდგენა მოგვიანებით სტუმრებისთვის გამართული ვახშმის პარალელურად, რესტორან “მეგრულ-ლაზურში” გაიმართა. არ შემდგარა “პიაცაზე” დაგეგმილი ქართული ფოლკლორის საღამოც, რომელიც სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის უნდა გამართულიყო.


წვიმის მიზეზით ჩაიშალა ყველა სპორტული ღონისძიება, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილი ექსკურსია და რამდენიმე გამოფენა ფერიის მთაზე. “კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” ხელმძღვანელის გელა ბოლქვაძის განცხადებით, ჩაიშალა მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში დაგეგმილი “ქუჩის თეატრის” სპექტაკლი – “ბათუმური ისტორიები”.  


ოფიციალური პირები და მოქალაქეები “ბათუმობაზე”


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ დეტალებით უკმაყოფილოა, თუმცა მთლიანობაში “ბათუმობას” დადებითად აფასებს: “არც ერთი ღონისძიება არ ჩაგვვარდნია, რაც დაგეგმილი იყო. წვრილმანი საკითხებით უკმაყოფილო ვარ, რომელიც ორგანიზაციულ მხარეს შეეხება, თუმცა სტუმრებიც და ყველა, ვინც ესწრებოდა, კმაყოფილია. ვფიქრობ, ამ თანხის დახარჯვა ღირდა”. 


ბათუმელ ფოტოგრაფს, ლაშა ფალავანდიშვილს მიაჩნია, რომ “ეს ტყუილად გადაყრილი ფული და საბჭოთა კიჩია. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც “ბათუმობაზე” შეიძლება ვთქვა, ბათუმელების საერთო ფოტოა. თუმცა აქაც ძალიან სასაცილო ამბები მოხდა, ფოტოს გადასაღებად დაახლოებით 90 პროცენტი არაბათუმელი მოვიდა”.


ლაშა ფალავანდიშვილის აზრით, “ბათუმობა” არასწორად დაგეგმილი ყველაზე ცუდი პიარი იყო: “აღარაფერს ვამბობ მიზეზებზე – “წვიმა იყო და არ გამოვიდა”… წვიმა თუ ვერ დაგეგმე ამ ქალაქში, გასაგებია რა ლოჯისტიკური ტვინიც გაქვს.”


“რატომ უნდა გვიხაროდეს ბათუმობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მემედ აბაშიძის ძეგლი გადაიტანეს ერთი ადგილიდან მეორეზე? რა მოხდა ქალაქში, რა აღნიშნეს? არაფერს ვამბობ მარბელას წარმოდგენებსა და სკულპტორებზ. ყოველ წელიწადს ქალაქში რაღაც სიმახინჯეებს დგამენ. “33-ა”, ნინო ქათამაძე და “ინსაითიც” კი არ ჰყავდათ –  ბათუმელები, რომლებიც მართლა წარმატებულები არიან და კარგ მუსიკას ქმნიან. იმის მაგივრად, რომ გადასახადების გადამხდელი გყავდეს ინფორმირებული და ჩართული პროცესებში, ვიღაც დაძმობილებულ ქალაქებს იგონებ. 


ერთხელ ბიუჯეტის განხილვას დავესწარი მერიაში და იცით რა ეწერათ პროგრამებში? ამა და ამ სამსახურის მიზანი არის მაღალი ესთეტიკური გემოვნების დამკვიდრებაო, ანუ სახელმწიფო ადგენს გემოვნებას. ეს სოვიეტური სიმახინჯე უნდა წავიდეს ამ ქალაქიდან. ამ ქალაქს უშველის მხოლოდ შრომა და პროფესიონალიზმი. 260 ათასი ლარით მერიამ გააკეთოს სანიაღვრე არხები, რადგან ამ ქალაქში კვირაში სამი დღე წვიმს. ბათუმობა კი უნდა ეხებოდეს ბიზნესმენებს, არტისტებს – ენთუზიაზმით უნდა გამოიტანონ ყველაფერი. ევროპულ ქვეყნებში ასეთ ღონისძიებებში სახელმწიფო მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით მონაწილეობს, სხვას კერძო სექტორი და ფონდები აკეთებენ. აქ კიდევ სახელმწიფო იხდის იმაში ფულს, რომ ჭამოს და ღვინო დალიოს”.

ვახშამი 300 ადამიანზე იყო გათვალისწინებული, სტუმრებს შორის იყვნენ რუსი ბიზნესმენები და ნაციონალური მოძრაობის წევრები
ვახშამი 300 ადამიანზე იყო გათვალისწინებული, სტუმრებს შორის იყვნენ რუსი ბიზნესმენები და ნაციონალური მოძრაობის წევრები

ნათია აფხაზავა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმობას ასე აფასებს: “ასეთი დღესასწაულები საკმაოდ გავრცელებულია. ცალკე საკითხია რამდენად საჭიროა “ბათუმობა”. ბევრი ისეთი აქტივობა, რომელსაც მერია ან ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებდა, უფრო კერძო სექტორის აქტივობებია, მათ უნდა უზრუნველყონ ფესტივალების ჩატარება – ფინანსური სარგებელიც რომ მიიღონ და რაღაც ტრადიციებიც ჩამოყალიბდეს. თუმცა, როცა ქალაქში ბიზნესი არ არის განვითარებული, ამ მიმართულების პროვოცირება შეიძლება.


“ბათუმობამ” ბევრი ისეთი პრობლემა გამოაჩინა, რომელიც, წესით, არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. მაგალითად, როცა იკითხეს, თუ ვინ ხარშავდა ცნობილ ბათუმურ ყავას ქვიშაზე, აღმოჩნდა, რომ ამაზე ინფორმაცია არავის ჰქონდა… კარგი ტრადიციის შენარჩუნებას ხელისუფლება ხელს თუ შეუწყობს, ცუდი არ იქნება. გარდა ამისა, ძალიან გადატვირთული იყო დღის განრიგი და მოქალაქეებს არ მიუწვდებოდათ ხელი გარკვეულ აქტივობებზე. ორგანიზებულობის კომპონენტიც სუსტი იყო. ეს იმიტომ, რომ ამას საკრებულო და მერია არ უნდა აკეთებდეს… ზოგადად კი, იმდენად დიდია “ბათუმობის” ბიუჯეტი –  260 ათასი ლარი, ცალკე საკითხია უღირს თუ არა ეს ქალაქს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი