ახალი ამბებიეკონომიკა

შაჰ დენიზიდან ევროპაში მიმავალი გაზსადენისთვის EIB-მა 1.5 მილიარდი ევროს სესხი გამოყო

13 თებერვალი, 2018 • 3068
შაჰ დენიზიდან ევროპაში მიმავალი გაზსადენისთვის EIB-მა 1.5 მილიარდი ევროს სესხი გამოყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტრანსადრიატიკულ გაზსადენს (TAP)  1.5 მილიარდი ევროს სესხი გამოუყო. TAP 40-მილიარდ დოლარიანი ე.წ სამხრეთის გაზის დერეფნის პროგრამის ნაწილია, რომლის განვითარებითაც საქართველოცაა დაინტერესებული.

870-კილომეტრიანი ტრანსადრიატიკული გაზსადენი (TAP) ე.წ. სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გაზსადენი აზერბაიჯანულ შაჰდენიზ 2-ს დაუკავშირდება. შესაბამისად, ჯამში, სამხრეთის გაზის დერეფანი გაივლის საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთს,  ადრიატიკის ზღვას და მოამარაგებს იტალიას.

“სამხრეთის გაზის დერეფანი რამდენიმე პროექტს მოიცავს: მათ შორისაა საქართველოზე გამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენი, რომლის გაფართოება და გაძლიერება ხდება. ასევე არის თურქეთზე გამავალი  ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP) და ბოლოს არის TAP, რომელიც ტრანსანატოლიურ მილსადენს ებმის თურქეთიდან, შემდეგ უკავშირდება საბერძნეთს ალბანეთის გავლით”, – ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს ენერგეტიკის საკითხების ანალიტიკოსი მურმან მარგველაშილი. 

სამხრეთის გაზის დერეფანი © BP

Reuters წერს, რომ  სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში 2020 წლისთვის ევროპა დაახლოებით 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. იტალია დაახლოებით 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, ენდრიუ მაქდოველმა Reuters-ს უთხრა, რომ TAP-ის პროექტი ევროპას ბუნებრივი აირის მიღების დივერსიფიკაცაში დაეხმარება. TAP იქნება პირველი არარუსული გაზსადენი, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე ტრანზიტს განახორციელებს, თუ არ ჩავთვლით ალჟირის კორიდორს, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ გაიხსნა.

“ევროკომისიის ერთ-ერთი არგუმენტი, რითიც მათ ჩვენი დარწმუნება შეძლეს, იყო ის, რომ უსამართლობაა, როდესაც ევროპის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ერთი მომწოდებლის [რუსეთის] კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,” – უთხრა Reuters-ს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა.

TAP-ს ფინანსური დახმარება შეიძლება გაუწიოს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმაც. EBRD-მა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 2018 წელს უნდა მიიღოს. გასული წლის ოქტომერში EBRD-მა TANAP – ის გაზსადენს 500 მლნ დოლარის სესხი გამოუყო. TANAP -ის გაზსადენმა გაზის პირველი ტრანზიტი 2018 წელს უნდა განახორციელოს.  

ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის პროექტის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. ახალი დერეფნის მიხედვით, ბუნებრივი აირი საბადო “შაჰ-დენიზიდან” 2018 წელს მიეწოდება თურქეთს, ხოლო ევროპას – 2019 წელს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის თქმით, “შაჰ-დენიზის” საბადოს დამუშავების მეორე ეტაპზე კომპანია პარტნიორებთან ერთად განახორციელებს “სამხრეთკავკასიური გაზსადენის” გაფართოებას და ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) გაზსადენების შექმნას. 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით„სამხრეთკავკასიური მილსადენი“ (SCP- 690 კმ) აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით, აკავშირებს თურქეთთან. „ტრანსანატოლიური მილსადენი“ (TANAP – 1900 კმ) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან. „ტრანსადტრიატიკული მილსადენი“ (TAP – 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, მიდის სამხრეთ იტალიამდე. სამინისტროს  თანახმად,  შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველო შეღავათიან ფასად მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი