“საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია, რადგან ჩვენ ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი და ნატოა დაფუძნებული. ვფიქრობ, ინტეგრაციის პროცესი ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს, რადგან თუ ჩვენ საჭირო კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებთ, ჩვენ გვექნება ქვეყანა, რომლისთვისაც ვიღწვით. ქვეყანა, რომელიც თავისუფალია, ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. სასამართლო სისტემა და ეკონომიკა თავისუფალია, დემოკრატიული ინსტიტუტები კი, ძლიერი. ეს არის ის, რასაც ვილნიუსის სამიტზე ველით და ჩვენი პარტნიორები მიღწეულ პროგრესს დაინახავენ. ვილნიუსის სამიტის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გავაფორმებთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას”– განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისისვე თქმით, რუსეთის ზეწოლა აშკარაა და ასეთ ვითარებაში ევროკავშირისგან საქართველოს უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდება:
“ძლიერი გზავნილებია იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან სერიოზული რამ არის ევროკავშირისთვის. პრემიერ–მინისტრმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საგარეო ურთიერთობების ერთ–ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაასახელა, მაგრამ ეს არ მოხდება ეროვნული ინტერესების და საგარეო ორიენტაციისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. მადლობლები ვართ ევროკავშირის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟენევის მოლაპარაკებებზე და არის ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ვითარებას აკვირდება საოკუპაციო ზოლზე. ევროკავშირის მხარდაჭერა არის სიგნალი რუსეთისთვისაც და ჩვენ ამ სიგნალის გაძლიერება გვსურს. რუსეთს ჩენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, მან აღიარა სამხრეთ–ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენი მიზანია, რომ გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა, ამ კუთხით კი ევროკავშირი ჩვენს რეგიონში მთავარი მოთამაშეა”
საქართველოს დელეგაცია ლატვიაში 6 სექტემბერს გაემგზავრა. აქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
