ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

7 სექტემბერი, 2013 •
ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

“მხარეებმა საქართველოში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების თემა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხი დააყენა. საუბარი ასევე შეეხო ეუთოს ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებს, მათ შორის ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენას, ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას”,– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ბიძინა ივანიშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ–მინისტრს. ლატვიელ კოლეგასთან შეხვდერის შემდეგ ივანიშვილმა და ლატვიის პრემიერ–მინისტრმა, ვალდის დობროვსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

“რაც შეეხება ჩემს შეხვედრას ბატონ დომბროვსკისთან, მე მას გავაცანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველოს საგარეო პრიორიტეტები. შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. აღინიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობა. ჩვენი ამოცანაა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გვთავაზობს. მიუხედავად წარმატებული ურთიერთობისა პოლიტიკურ სფეროში, ჩვენს ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პოტენციალი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოყენებული, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, რომელიც აუცილებლად ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ. მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მივიღებ რიგის კონფერენციაში”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას 6 სექტემბერს ეწვია. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  ევროპულ და  ევროატლანტიკურ  სივრცეში  სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და  საქართველოს    ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი