პარლამენტმა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის დადებული ვეტო დაძლია 92 ხმით 9-ის წინააღმდეგ.  თავდაპრიველად დეპუტატებმა კენჭი კანონპროექტს პრეზიდენტის შენიშვნებით უყარეს, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ  10 ხმით 76-ის წინააღმდეგ  შენიშვნები არ გაითვალისწინა.

 

დეპუტატებმა ვეტო “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონპროექტის თანმდევ ცვლილებებზეც დაძლიეს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და “დედაქალაქის “თბილისის შესახებ”  კანონში.

 

პარლამენტმა ვეტო 91 ხმით 9-ის წინააღმდეგ იმ კანონზეც დაძლია,  რომელიც აჩერებს სასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას არასასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსით.  რაც შეეხება კანონის პრეზიდენტისეულ ვერსიას, ის 11 ხმით 73-ის წინააღმდეგ იქნა უარყოფილი. 

 

პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არც “უმაღლეს განათლების შესახებ” კანონზე გაითვალისწინა. დეპუტატებმა 10 ხმით 75-ის წინააღმდეგ არ მიიღეს შენიშვნები და ვეტო 93 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაძლიეს. 

 

“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქ თბილისში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემასთან, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

 “დედაქალაქის შესახებ კანონპროექტში”, ცვლილებების მიხედვით, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენცია აღარ იქნება ისტორიულ-კულტურული ზონების გამოყოფა, ხოლო ქალაქ თბილისის მთავრობის კომპეტენცია აღარ იქნება ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის თაობაზე წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. 

 

მიწის სტატუსთან დაკავშირებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე დასაშვები ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი საჭიროებით. თუმცა, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. კანონის მოქმედი რედაქციით მიწის სტატუსის შესაცვლელად მხოლოდ საჯარო რეესტში მისვლა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა არის საჭირო.

 

რაც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვინც უნივერსიტეტში აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობას ფლობს და აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ.

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *