სამინისტროს განცხადებით, ივანე მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, დღეს, სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში სამოქალაქო ჯანდაცვის ექიმ-სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კონსილიუმმა ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მას ბოლო კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები სამოქალაქო ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, მიმდინარე წლის ივლისში ჩაუტარდა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადამოწმდა.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, კონსილიუმში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპევტი და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი, დაწესებულების მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი და აშშ-სა და საქართველოში მოღვაწე ექიმი-თერაპევტი, ჰოსპიტალისტი გრიგოლ ხურციძე, რომელიც ბრალდებულის ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირია. ივანე მერაბიშვილს განმეორებით ჩაუტარდა გამოკვლევები. შეფასდა მის სამედიცინო ისტორიაში არსებული ანამნეზური და კლინიკური მონაცემები. ექიმებმა მოამზადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს.
რაც შეეხება რეკომენდებულ, დამატებით ამბულატორიულ გამოკვლევებს, ბრალდებულს ყველა გამოკვლევა გეგმიურად ჩაუტარდება ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული მოთხოვნის საფუძველზე.
როგორც სამინისტრო ამბობს, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ პაციენტის წერილობითი თანხმობით ვრცელდება.

