აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე აღსრულების შეჩერება და გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებაა. ლონდა ფრანგიშვილი, რომელიც ქუთაისში ფოთიდან ჩამოვიდა, ამბობს, რომ არანაირი რეაგირება არ ხდება:
“მესამე დღეა ხალხი შიმშილობს, ერთი შაქრის დიაბეტითაა, წნევები აქვს ძალიან მაღალი ყველას, არანაირი რეაგირება არაა, რომ პასუხი გამოიტანონ. გრძელვადიანი სესხი გვინდა და, პირველ რიგში, უნდა შეწყდეს გამოსახლება. ფოთში არის ისეთი შემთხვევები, რომ სესხს ვერ უძლებენ და ზოგი თავს იწვავს, ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს. არის საშინელი მდგომარეობა, განსაკუთრებით კერძო იპოთეკაში.”
ქუთაისში მცხოვრები ციცო ბალავაძე ამბობს, რომ 6 თვის განმავლობაში პერიოდულად პარლამენტის შენობასთან აქციებს მართავენ, თუმცა, მისი მტკიცებით, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მათთან სასაუბროდ არ მისულა:
“აქ 6 თვეა ვდგავართ და გუბაზ სანიკიძე არასოდეს მოსულა. არ შეგვხმიანებია ხალხს, ხალხო, თქვენ რა გიჭირთო და ამ დროს ტელევიზორში იძახის, ყველა ქუთაისელს ვხვდებიო. არასოდეს მოსულა.”

